„გახარია-საქართველოსთვის“ წევრი, ბექა ლილუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ მისი ქმარი, კოტე იოსელიანი გაიტაცეს და მასზე ზეწოლას ახდენდნენ.
„ძალიან სერიოზული განცხადებაა, რაც ქვეყანაში საკმაოდ მძიმე მოცემულობას აღწერს. რა თქმა უნდა, შეიძლება, გამოძიების იმედი არავის ჰქონდეს, მაგრამ ეს სამართლიანი და დამოუკიდებელი გამოძიების პირობებში გამოსაძიებელია“, - თქვა ლილუაშვილმა.
თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ მის ქმარს, კოტე იოსელიანს სახლთან 5 ნიღბიანი პირი დახვდა, თვალები აუხვია და მანქანით გაიტაცა. ბოკუჩავა ვარაუდობს, რომ იოსელიანი სუს-ის შენობაში ჰყავდათ.
8 ივნისს კოტე იოსელიანმა Facebook-ზე 50-წამიანი ვიდეო გაავრცელა, სადაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.