პარლამენტმა განათლების რეფორმა I მოსმენით მიიღო.
ირაკლი კობახიძემ 17 ოქტომბერს „იმედი LIVE“-ის ეთერში, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი განათლების რეფორმების შესახებ ისაუბრა.
კობახიძის თქმით, ახლანდელი განათლების სისტემა ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებსა და სტანდარტებს, შესაბამისად, უნდა ჰქონდეთ „ამბიციური მიზანი“, რომ საქართველოშიც იგივენაირი განათლება მიიღონ სტუდენტებმა, როგორც უცხოეთში.
ოცნებას შემოაქვს პრინციპი „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი“, რაც გულისხმობს, რომ კონკრეტულ ქალაქში ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ამასთან ერთად, სკოლები 11-წლიანი ხდება. ცვლილებების ფარგლებში, სკოლებში მეთორმეტე კლასი ნებაყოფლობითი იქნება და მისი გავლა მოსწავლეებს რეგისტრაციის შემდეგ შეეძლებათ. განათლების მინისტრის თქმით, ყოველი წლის მარტში გაიხსნება სარეგისტრაციო ბადე, სადაც მსურველები გაივლიან რეგისტრაციას და გააგრძელებენ მე-12 კლასში სწავლას.
განათლების მინისტრის ინფორმაციით, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში სკოლებში სახელმძღვანელოები შეიცვლება და ყველა სკოლაში ერთი, განათლების სამინისტროს მიერ დაწერილი სახელმძღვანელოთი ასწავლიან.
განათლების სამინისტროს მხირდან იგეგმება სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვა.
ცვლილება, რომელსაც „ქართული ოცნება“ საუნივერსიტეტო სწავლებაში გეგმავს, არის ის, რომ ბაკალავრიატი გახდეს 3 წელი, ხოლო მაგისტრატურა-1 წელი, ცვლილება შეეხება ყველა პროგრამას „გამონაკლისი სპეციალობების გარდა“.
განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას განმარტებით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების რაოდენობის კვოტირება „მოხდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და დაეფუძნება შრომის ბაზრის მოთხოვნებს“.
გაბისონიას ცნობით, „ოცნება“ ასევე განსაზღვრავს სახელმწიფო უნივერსიტეტებში იმ კონკრეტული მიმართულებებს, „რომელიც მისთვის იქნება მნიშვნელოვანი“.
ამასთან ერთად, 2026 წლიდან ყველა სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარეს, უფასოდ ისწავლის.
რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, მოქმედ სტუდენებს არსებული გრანტები შეუნარჩუნდებათ, 2026 წლიდან კი კერძო უნივერსიტეტების პირველკურსელები სახელმწიფოსგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ.
უწყების განმარტებით, კერძო უნივერსიტეტებს შესაძლებლობა ექნებათ, სურვილის შემთხვევაში, სტუდენტებს შიდა გრანტები და დაფინანსების პროგრამები შეთავაზონ, თუმცა მათი პირველკურსელები სახელმწიფო გრანტს ვეღარ მიიღებენ.
















