„ლიბერთი ბანკის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე ადასტურებს, რომ „ბაზისბანკმა“ შესაძლოა „ლიბერთი ბანკი“ შეიძინოს.
როგორც რუხაძემ განაცხადა, ეს ძალიან კარგი იქნება.
„ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვლაპარაკობთ „ბაზისბანკთან“, სხვა ხალხთანაც. „ბაზისბანკთან“ 2 წლის წინაც ვლაპარაკობდით ამ გარიგებაზე, უბრალოდ ვერ მივედით ბოლომდე. ახლაც უნდა ვნახოთ, გავალთ თუ ვერა ბოლოში. ახლა უფრო ოპტიმიზმით ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გარიგება დასრულდება. ბოლომდე ყველა პირობაც არ არის ცნობილი. თუ ეს გარიგება დასრულდა, ეს იქნება ძალიან კარგი საქართველოსთვის, მისი ეკონომიკისთვის - გაჩნდება მესამე ბანკი, რომელიც იქნება ორჯერ დიდი, ვიდრე დღეს არის მესამე ბანკი“, - განუცხადა რუხაძემ BMG-ის, რომელმაც გუშინ გაავრცელა ინფორმაცია „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთის“ მოსალოდნელ შეძენაზე.
„ლიბერთი ბანკი“ საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი ბანკია, „ბაზისბანკი“ კი, რომელსაც ჩინური „ჰუალინგ ჯგუფი“ ფლობს - მეოთხე. ორი ბანკის შერწყმით „ბაზისბანკი“ ბაზარზე მესამე უმსხვილესი ბანკი გახდება.