გახარია დებატებში მხოლოდ ივანიშვილთან დაჯდება | განცხადება

გახარია დებატებში მხოლოდ ივანიშვილთან დაჯდება | განცხადება

გუშინ, 17:00 - 2026
138
       

„გიორგი გახარიასთვის ოპონენტი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი - გიორგი გახარია ირაკლი კობახიძესთან დებატებში რომ არ დაჯდება, მე მგონი, ამას თავადაც კარგად ხვდებით“, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, დებატებში მონაწილეობაზე „საუბარი ცოტა ადრეა“.

შარაშიძე აღნიშნავს, რომ პარტია წლების განმავლობაში „იმედისგან“ გახარიასთვის დებატების გახსნას ითხოვდა, რაც ადასტურებს იმას, რომ „თუ ვინმე არის მთავარი ოპონენტი, ვისგანაც სიმართლის მოსმენა არ სურთ, ეს არის, პირველ რიგში, გიორგი გახარია“.

ამასთან, შარაშიძე ამბობს, რომ მისი პარტია დებატებში მონაწილეობაზე ნებისმიერ შემთხვევაში მზაობას გამოხატავს, თუმცა მოლოდინი არ აქვს, რომ „ქართული ოცნების“ წევრები მათ დებატებში „დაუსხდებიან“.

„ყველაფერს გააკეთებენ, რომ დებატების ფორმატი იყოს პირველ რიგში, მათთვის კომფორტული - მათი ტელევიზია, მათი ექსპერტები, მათი სატელიტური ოპოზიცია. რა თქმა უნდა, „ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ის სპიკერები, ვინც არიან რეალურად პასუხისმგებლები, მაგალითად, კობახიძე, კალაძე არ გამოუშვას და გამოუშვას მეორადი კატეგორიის სპიკერები. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის მაინც მნიშვნელოვანი იქნება, რომ რაც არ უნდა თავსმოხვეული ფორმატი იყოს „ოცნების“ მხრიდან, დებატებში მონაწილეობა მივიღოთ, იმისათვის რომ „ოცნებას“ საკუთარ მოედანზე, პირში ვუთხრათ, რა არის სიმართლე და ხალხს გავაგებინოთ, რომ მთელი მათი პროპაგანდა არის ტყუილებზე, ცილისწამებაზე, ზღაპრებზე აგებული. მოლოდინი არ მაქვს, რომ ისინი დებატებში დაგვისხდებიან, რადგან თუ ვინმესი ეშინია „ოცნებას“ დღეს, პირველ რიგში, ეს არის გახარია და მისი გუნდი, თუმცა ვნახოთ, დაველოდოთ. ნებისმიერ შემთხვევაში მზაობას გამოვხატავთ დებატებისთვის“, - განაცხადა შარაშიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები