აშშ-ში, ფედერალური აკრძალვის ძალაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლე ვიდეოების პლატფორმა TikTok გაითიშა. აპლიკაციის აკრძალვა ოფიციალურად აშშ-ს დროით ღამის 12 საათზე შევიდა ძალაში.
აპლიკაცია ხელმისაწვდომი აღარაა Apple-ის iOS App Store-ზე და Google-ის Play Store-ზე.
„კანონი, რომელიც TikTok-ს კრძალავს, აშშ-ში დღეს ამოქმედდა. სამწუხაროდ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ამჯერად TikTok-ს ვერ მოიხმართ. ჩვენ გაგვიმართლა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მიუთითა, რომ ის ჩვენთან ერთად იმუშავებს TikTok-ის აღდგენის საკითხზე, როგორც კი ის თანამდებობას დაიკავებს. გთხოვთ, დარჩით ჩვენთან“, - წერია შეტყობინებაში, რომელიც მომხმარებლის მიერ აპლიკაციის გახსნის დროს ჩნდება.
გუშინ, 18 იანვარს კომპანიამ განაცხადა, რომ მომდევნო დღეს აპლიკაცია სრულად გაითიშებოდა, თუ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი Apple-ისა და Google-ის მსგავს კომპანიებს გარანტიებს არ მისცემდა, რომ TikTok-ის აკრძალვის შემთხვევაში, მათ არ ექნებოდათ კომპანიასთან თანამშრომლობის შეწყვეტის ვალდებულება.