FOX NEWS: აშშ საქართველოს მოქალაქეებზე ვიზების გაცემას აჩერებს

FOX NEWS: აშშ საქართველოს მოქალაქეებზე ვიზების გაცემას აჩერებს

დღეს, 20:57 - 2026
118
       

Fox News-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცესს დროებით აჩერებს.


სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმი, რომელიც პირველად Fox News Digital-მა მოიპოვა, საკონსულოს თანამშრომლებს ავალებს, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უარი თქვან ვიზების გაცემაზე, სანამ უწყება სკრინინგისა და შემოწმების პროცედურებს გადახედავს. 

Fox News-ის თანახმად, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს იმ აპლიკანტებისთვის ხელის შეშლას, რომლებიც, სავარაუდოდ, საზოგადოებრივი ტვირთი გახდებიან და სახელმწიფოზე იქნებიან დამოკიდებულნი.

Fox News აქვეყნებს ქვეყნების სრულ სიას, რომელშიც შედის მათ შორის საქართველოც და კიდევ - სომალი, რუსეთი, ავღანეთი, ბრაზილია, ირანი, ერაყი, ეგვიპტე, ნიგერია, ტაილანდი, იემენი.

Fox News წერს, რომ ვიზების შეჩერება 21 იანვრიდან შევა ძალაში და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება იქამდე, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზების გაცემის პროცესს ხელახლა არ შეაფასებს.

როგორც მედია აღნიშნავს, 2025 წლის ნოემბერში სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განთავსებულ წარმომადგენლობებს გაუგზავნა დეპეშები, რომელშიც კონსულ ოფიცრებს ავალდებულებდა, საიმიგრაციო კანონის ე.წ. „საზოგადოებრივი ტვირთის“ (public charge) დებულების ფარგლებში შემოწმების ახალი, მკაცრი წესები აემოქმედებინათ.

Fox News წერს, რა შემთხვევაში უნდა ეთქვათ ვიზაზე უარი მოქალაქეებს.
ჩამონათვალშია:

• აპლიკანტები, რომლებიც სავარაუდოდ სახელმწიფო შეღავათებით ისარგებლებენ
• გათვალისწინებული უნდა იყოს ჯანმრთელობა, ასაკი, ინგლისური ენის ცოდნა, ფინანსური მდგომარეობა და გრძელვადიანი სამედიცინო მზრუნველობის პოტენციური საჭიროება
• საფუძველი შეიძლება გახდეს ხანდაზმული ასაკი ან ჭარბი წონა
• საფუძველი შეიძლება გახდეს წარსულში სახელმწიფო ფულადი დახმარებით სარგებლობა ან სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ყოფნა

Fox News აღნიშნავს, რომ ახალი შეჩერების წესიდან გამონაკლისები იქნება ძალიან შეზღუდული და მხოლოდ მას შემდეგ დაიშვება, რაც აპლიკანტი საზოგადოებრივი ტვირთის კრიტერიუმებთან დაკავშირებულ შემოწმებას გაივლის.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები