2025 წელს ეკონომიკური ზრდა 7.5%-ით განისაზღვრა, ხოლო დეკემბრის თვეში საქართველოს ეკონომიკის ზრდამ 7.2% შეადგინა.
ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.
მისივე თქმით, ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების და ასევე, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში, ხოლო კლების ტენდენცია გამოვლინდა მხოლოდ მშენებლობის სექტორში.
„დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის დეკემბერში, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 7.2%-ით და აქედან გამომდინარე, 2025 წლის რეალური ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი გახლავთ 7.5%. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, ასევე ტრანსპორტი და დასაწყობება და სასტუმროები და რესტორნები. კლების ტენდენცია გამოვლინდა მხოლოდ მშენებლობის სექტორში. 2025 წლის დეკემბერში, საქონლის ექსპორტი გაიზარდა 22.5%-ით. მოგეხსენებათ, რომ 8.8%-ით არის გაზრდილი იმპორტის მაჩვენებელი. წლიურ ჭრილში სახეზე გვაქვს ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა. ხოლო იმპორტი გაზრდილია 2025 წლის მონაცემებით, 9.7%-ით. დეკემბერში, ქვეყანაში დარეგისტრირდა, დაახლოებით 6100 ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი 1.2.%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს. 11%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 18.330 მლრდ ლარს გადააჭარბა. რაც შეეხება მიზეზებს, დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში, ზრდის მიზეზად გვევლინება ძირითადად, კვების პროდუქტების და სასმელების წარმოების მოცულობის გაფართოება. ასევე, დადებითი ძვრები იყო მეტალურგიულ მრეწველობაში. გაზრდილია თუჯის, ფოლადისა და ფეროშენადნობების მაჩვენებლები. აღნიშნული აისახა კიდეც საგარეო ვაჭრობის მონაცემებზე. დაახლოებით 3.6-ჯერ არის გაზრდილი ფერო სილიკო მანგანუმის ექსპორტი, ძირითადად, იტალიისა და თურქეთის მიმართულებით. ასევე, 72%-ით არის გაზრდილი ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი. ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან, ასევე, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის სფეროში კონსულტაციების გაწევასთან და მასთან დაკავშირებული მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან. ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორს რაც შეეხება, ზრდა განაპირობა ძირითადად, საგზაო და საჰაერო ტრანსპორტში განვითარებულმა მოვლენებმა. ძირითადად, გაზრდილია ტვირთის გადაზიდვის მაჩვენებლები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში არსებულ ზრდის ტენდენციებს, ეს დაკავშირებული იყო როგორც სასტუმროების და განთავსების მსგავსი საშუალებების მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან, ასევე კვების ობიექტის და ზოგადად, მზა საკვების მიწოდებით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის ზრდასთან. ასევე, აღსანიშნავია საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკა. უკვე ხელმისაწვდომია და 2025 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, დაახლოებით 8.3%-ით არის გაზრდილი საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა, მათ შორის, ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 10.%-ით არის გაზრდილი, წლიურ ჭრილში კი საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა გაზრდია 6.2%-ით, ხოლო ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელი გაზრდილია 8.4 %-ით. როგორც აღვნიშნე, მშენებლობის სექტორში გამოვლინდა კლების ტენდენცია, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო სამოქალაქო მშენებლობასთან დაკავშირებულ შენელებულ ტემპთან. ეს შეეხება გზების, ხიდებისა და ავტობანების მშენებლობას. ასევე, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მეტი მოცულობით იყო სამუშაოები შესრულებული. ეს შესაბამისად შემცირების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება. საგარეო ვაჭრობის მონაცემებიდან გამომდინარე, 6%-ით არის შემცირებული ცემენტისა და კლინკერის იმპორტის მაჩვენებელი. 2025 წლის მონაცემებით, დაახლოებით 4.2 %-ით არის შემცირებული მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მაჩვენებელი. ასევე, 5.9%-ით არის შემცირებული ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა, თუმცა მისი ფართობი გაზრდილია 8.1%-ით“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.












