სტუ: „იმედმა“ და R2-მა ბოდიში მოგვიხადონ

სტუ: „იმედმა“ და R2-მა ბოდიში მოგვიხადონ

დღეს, 00:18 - 2026
75
       

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტელეკომპანიების - „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ 3 თებერვლის სიუჟეტებს ეხმაურება და კატეგორიულად უარყოფს სამთავრობო მედიის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სტუ-ში არსებული სასწავლო პირობები არასათანადოა, ხოლო ინფრასტრუქტურა არ შეესაბამება აკადემიურ სტანდარტებს. ტექნიკური უნივერსიტეტი ბოდიშის მოხდას ითხოვს.
 
განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
 

„რუსთავი 2-ის და იმედის ჯგუფებმა მე-8 სასწავლო კორპუსში, ენერგეტიკის ფაკულტეტზე, თავისივე სურვილით, გადაიღეს სასწავლო ფართში განთავსებული HUAWEI-ის ლაბორატორია, განახლებადი ენერგიების ლაბორატორია, მზის ელექტროსადგური, ელექტრონული ინჟინერიის ლაბორატორია და რამდენიმე სხვა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად აღჭურვილი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი და კეთილმოწყობილი ლაბორატორიული ბაზის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს. სამწუხაროდ, რუსთავი 2-ის და იმედის ჟურნალისტებმა არცერთი ეს კადრი არ გამოიყენეს სიუჟეტის აგებისას და ყურადღება გაამახვილეს მხოლოდ იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც სასწავლო ან კვლევითი პროცესებისთვის საერთოდ არ გამოიყენება და სადაც ამჟამად მიმდინარეობს ან დაგეგმილია სარემონტო სამუშაოები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ხაზგასმით და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სიუჟეტებში გამოყენებული ვიზუალური მასალა არ ასახავს არც აუდიტორიების, არც ლაბორატორიებისა და არც სველი წერტილების რეალურ მდგომარეობას. ამის მიუხედავად, სიუჟეტებში გაკეთებულია საპირისპირო დასკვნები, რაც წარმოადგენს მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას და პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს „მაუწყებლობის შესახებ“ (მუხლები: 52 პუნქტი „გ“ - პროგრამებში ფაქტებისა და კომენტარების მკაფიო გამიჯვნის ვალდებულება; 54 - მაუწყებლის ვალდებულება უზრუნველყოს ინფორმაციის სიზუსტე და ფაქტების ჯეროვანი გადამოწმება; 56 - დაინტერესებული მხარისთვის პასუხისა და ინფორმაციის შესწორების უფლება, 59 - მაყურებლის შეცდომაში შეყვანის დაუშვებლობა) და ჟურნალისტური ეთიკის ძირითად პრინციპებს, განსაკუთრებით კი, სიზუსტისა და ობიექტურობის ნორმებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სიუჟეტები წარმოადგენს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის მცდელობას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანების შესახებ“, - წერია განცხადებაში.


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წერს, რომ „კატეგორიულად“ მოითხოვენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და „იმედისაგან“:
 
საჯაროდ მოიხადონ ბოდიში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე;
საჯაროდ განაახლონ და შეასწორონ ინფორმაცია იმავე საინფორმაციო გამოშვებაში მსგავსი ქრონომეტრაჟით;
მომავალში უზრუნველყონ ინფორმაციის გადამოწმება და დაიცვან როგორც მოქმედი კანონმდებლობა, ისე პროფესიული ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.
 
სტუ-ს განცხადებით, „იტოვებს უფლებას“, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმართოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (ComCom) და „გამოიყენოს ყველა კანონიერი სამართლებრივი მექანიზმი საკუთარი რეპუტაციის, ღირსებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები