თინა ბოკუჩავა: ხუთმა ნიღბიანმა პირმა გაიტაცა ჩემი მეუღლე

თინა ბოკუჩავა: ხუთმა ნიღბიანმა პირმა გაიტაცა ჩემი მეუღლე

9-06-2025, 14:14 - 2025
403
       

„საზოგადოების ნაწილმა იხილა ვიდეო, რომელიც გუშინ ჩემმა მეუღლემ, კოტე იოსელიანმა გამოაქვეყნა, სადაც ის თითქოს ბოდიშს იხდის მის მიერ 2018  წელს გაკეთებული საჯარო კომენტარის გამო უტა ივანიშვილთან დაკავშირებით. მე მინდა, საზოგადოებას მოვუყვე, რა მოხდა ამ ვიდეოს ჩაწერამდე. ჩემს მეუღლეს ჩვენი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკის აუზთან, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენ სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ღამით ჩაუსაფრდა ხუთი ნიღბიანი პირი. მას ეს ხუთი ნიღბიანი პირი თავს დაესხა, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება მათ ვერ შეძლეს. ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ჩემი მეუღლე ჩასვეს მანქანაში, მას აუხვიეს თვალები და თვალებახვეული და ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის შეუძლებელია დავადგინოთ ზუსტი ლოკაცია მისი გატაცების, რადგან ის იყო თვალებახვეული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თუმცა, დისტანციიდან და ტრაექტორიიდან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ის გაიტაცეს და შემდგომ, მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში. ადგილზე მიყვანის შემდეგ გამტაცებლები რვა საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას, უსახელებდნენ მას მისი ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს, მათ შორის, ჩვენი უფროსი (10 წლის) შვილის სკოლის და ჩვენი ორწლინახევრის ტყუპების ბაღის ადგილმდებარეობას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა და მას ემუქრებოდნენ და ემუქრებოდნენ კონკრეტულად ბავშვების უსაფრთხოებით. მიუხედავად იმისა, რომ მე ბუნებრივია, მთელი ღამის განმავლობაში ვცდილობდი ჩემს მეუღლესთან დაკავშირებას, მას არ აძლევდნენ თავის პირად ტელეფონთან წვდომას. ყველას პირადი ცხოვრება პირადია! წერტილი! მაგრამ ყველას კარგად გვესმის, უტა ივანიშვილზე 7 წლის წინ გაკეთებული განცხადება, (რომელზეც კოტემ ფაქტიდან 3 დღეშივე, საჯაროდ მოიხადა ბოდიში) გუშინდელი კოტეს ძალადობრივი გატაცების რეალური მიზეზი არაა და ეს არის მხოლოდ საბაბი. რეალური მიზეზი კი არის ჩემი დაშინება და ჩემი გაჩუმება. ახლა მინდა, ძალიან გარკვევით ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის, მისი ყველა ოჯახის წევრის, კოტეს გამტაცებლების და გატაცების დამკვეთების, მათ შორის, გელა გელაძის ყველას გასაგონად მინდა, გარკვევით ვთქვა, არ მეშინია! არ გავჩუმდები და ვიბრძოლებ თქვენი ძალადობრივი, მოღალატეობრივი რეჟიმის დემონტაჟისთვის“, - თქვა „ენმ“-ს თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები