რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, მარჩელ ჩოლაკუ თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც სამთავრობო კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი არჩევნების მეორე ტურში ვერ გადავიდა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი სოციალ-დემოკრატიული პარტია დატოვებს სამთავრობო კოალიციას, თუმცა პარტიის წევრები, რომლებიც მინისტრთა კაბინეტში არიან, შეინარჩუნებენ თანამდებობეს სანამ საპრეზიდენტო არჩევნები არ დასრულდება.
საბოლოო შედეგების მიხედვით, 4 მაისს გამართულ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ევროსკეპტიკური განწყობების მქონე პოპულისტმა კანდიდატმა, ჯორჯე სიმიონმა გაიმარჯვა.
სიმიონმა ხმების 40,96% მოიპოვა. მეორე ადგილზე კი ბუქარესტის მერი, დამოუკიდებელი კანდიდატი, ნიკუსორ დენი 20,99%-ით გავიდა.
წინასწარი მონაცემებით მეორე ადგილს ყოფილი სენატორი, კრინ ანტონესკუ იკავებდა, თუმცა მისი და ბუქარესტის მერს შორის ძალიან პატარა სხვაობა იყო, რომელიც ყველა საარჩევნო უბნის დათვლის შემდეგ, დენის უპირატესობით დასრულდა. ანტონესკუს სამი „პროდასავლური“ პარტია უჭერდა მხარს და 20,07%-ით მესამე ადგილზე გავიდა.
38 წლის ჯორჯე სიმიონი ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას და ევროკავშირის ლიდერების მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი.
სიმიონი საარჩევნო კამპანიის დროს აღნიშნავდა, რომ ის აშშ-ს პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის პოლიტიკას მხარს უჭერდა და რუმინეთს NATO-ს ფარგლებში აშშ-ს ძლიერ პარტნიორად აქცევდა.
თავის მხრივ, ნიკუსორ დენის საარჩევნო კამპანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე იყო კონცენტრირებული და სიმიონის პოპულისტურ და იზოლაციონისტურ პოზიციებს ეწინააღმდეგება.
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური 18 მაისს არის ჩანიშნული. მასში მონაწილეობას პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები მიიღებენ.