„უკრაინა 9 მაისს მოსკოვში სხვა ქვეყნების წარმომადგენლების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც 9 მაისს მიდის ან წასვლას აპირებს: არ შეგვიძლია პასუხისმგებლობა ავიღოთ იმაზე, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ხდება. თქვენს უსაფრთხოებას ისინი უზრუნველყოფენ და ჩვენ ვერანაირ გარანტიას ვერ მოგცემთ, რადგან არ ვიცით, რას გააკეთებს რუსეთი ამ დღეებში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთმა შეიძლება რაღაც მოიმოქმედოს და შემდეგ ბრალი უკრაინას დასდოს.
„მე, როგორც პრეზიდენტს მჯერა და ეს საგარეო საქმეთა მინისტრსაც ვუთხარი, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვიკავშირდებიან, ვუთხრათ: ჩვენ არ გირჩევთ უსაფრთხოების თვალსაზრისით რუსეთის ფედერაციაში ვიზიტს და თუ ასე მოიქცევით, ჩვენ რაიმეს ნუ მოგვთხოვთ. ეს თქვენი პირადი გადაწყვეტილებაა. უკრაინას ნამდვილად არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რაც დღეს რუსეთში ხდება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 მაისთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ სამდღიან ზავს „თეატრალური წარმოდგენა“ უწოდა.
„უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ამერიკელების მიერ შემოთავაზებული მოდელია. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. მოდით, 30 დღე ვცადოთ. რატომ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა? რადგან სამ, ხუთ ან შვიდ დღეში რაიმეზე შეთანხმება შეუძლებელია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.