მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახლთან მომხდარი სროლის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა ორი პირი.
შსს-ს ცნობით, გუდიაშვილის ბაღის მიმდებარე ტერიოტორიაზე უცნობ პირებს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა ორი პირი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველების მიერ დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი, რომლის დაკავების მიზნით, საქმეზე მიმდინარეობს ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 236-ე და 118-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გამთენიისას მის სახლთან 40-მდე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა, გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღი.
„სახელმწიფო დაცვის მოხსნაზე რეაქცია არ მქონია…ამ ღამეს მომხდარი ამბები უშუალოდ ჩემ ფანჯრების წინ სხვანაირად დამაფიქრებელია: დილის 4.20 წუთზე რომ ატყდება გუდიაშვილის ბაღის მიდამოებში და უშუალოდ ჩემი სახლის წინ აურზაური, დაახლოებით 40-კაციანი ჯგუფის ერთმანეთში მუშტიკრივი, წივილკივილი და ბოლოს იარაღის გამოყენება (8 ტყვია - ერთი ჩემს ეზოში), ეს უკვე ჩემი უსაფრთხოების საკითხიც არაა, ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია. ეს ქალაქის ცენტრია, სადაც კაფე ბარები გვიანობამდე მუშაობს, სადაც ახალგაზრდები ღამით სეირნობენ, უცხოელების დიდი რაოდენობა ირევა, სადაც ღამის თვითმფრინავებით ჩამოსული ტურისტები სასტუმროებში ბინავდებიან… ამ დროს ასეთი ამბავი, ხმაური, სროლა და მთელი ამ მოვლენების დროს არცერთი პოლიციელი!!! დილის 9 საათამდე… როცა გამოცხადდა პატრული, ისიც საავადმყოფოს შეტყობინების საფუძველზე, სადაც დაჭრილი ადამიანები თვითონ გამოცხადდნენ! მშვიდობით სავსე ქალაქი, უსაფრთხო ქვეყანა!“, - წერს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს