„ჯერ დაგვაყადაღეს და გვითხრეს გაჩერდით და არ შევჩერდით. ახლა მეორე ეტაპი იყო, ჩხრეკაზე შემოვიდნენ, მითხრეს, რომ კიდევ შეჩერდით, მე არ შევჩერდები-შემდეგ ეტაპზე, სავარაუდოდ ბრალს წამიყენებენ, პროკურატურაში დამიბარებენ საზეიმოდ და ისევ არ შევჩერდები. ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებ ბორკილს დაგადებთ“, - ამის შესახებ „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, როდესაც პროკურატურამ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა დაასრულა.
ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ტექნიკა.
„წინ იდგა ძალიან გამოპრანჭული პროკურორი ქალი. ვფიქრობ, დილის 9 საათისთვის ზედმეტად მოწესრიგებული იყო. როდესაც მივხვდი, რომ ხელის მოკიდებას აპირებდნენ, რათა ტელეფონი წაერთვათ, მე მივეცი, რადგან საბა იყო სახლში. არ მინდოდა ამისთვის ეყურებინა. ყველაზე სერიოზული რეაქცია, რაზეც ჰქონდათ ეს იყო „ლაივი“. ვუხსნიდი, რომ მათ მიმართ ნდობა არ მქონდა. ეს იყო ჩემი დაცვა მანამ, სანამ ადვოკატი მოვიდოდა. არც აპირებდნენ ჩხრეკის დაწყებას, სანამ „ლაივს“ არ გავთიშავდი. იცით, ძალიან საინტერესო იყო სუს-ის ეპიზოდი. პროკურატურა რასაც აკეთებდა, სუს-ი მეთვალყურეობას უწევდა. სუს-ი ეუბნებოდა, რა უნდა ექნა პროკურატურას. ისინი ანიშნებდნენ, პროკურატურა იმის მიხედვით მოქმედებდა. მთავარი ამბავი იყო ფონდის დოკუმენტაცია. ამოიღეს საბას ნათლობის ვიდეოებით დაწყებული, მარიამის დაბადების დღით დამთავრებული. ტექნიკაც ამოიღეს. ამოიღეს ისეთი ძველი ტელეფონები, რომელიც არ ირთვება. ამოიღეს ე.წ. ფლეშკები, რომელიც ჩემი შვილის არის. ჯერ დაგვაყადაღეს და გვითხრეს გაჩერდით, შეჩერდით და არ შევჩერდით. ახლა მეორე ეტაპი იყო, ჩხრეკაზე შემოვიდნენ, მითხრეს, რომ კიდევ შეჩერდით. მე არ შევჩერდები. ახლა შემდეგ ეტაპზე სავარაუდოდ, ბრალს წამიყენებენ, პროკურატურაში დამიბარებენ საზეიმოდ, შემდეგ ისევ არ შევჩერდები. ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებ ბორკილს დაგადებთ. რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას, თუ წინა განცხადებაში იყო „სახელმწიფოს გადატრიალების დაფინანსება“ და ასე შემდეგ, დღეს ეს ყველაფერი მოხსნილია. იქ არის ის, რომ პირდაპირ წერია ქველმოქმედების გამო წაგვიყენეს ბრალი“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.
ფოტო: IPN