„ნამდვილად ბედის ირონიაა, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაწერა, ივანიშვილი ცდილობდა ხელის ფათურს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი გაშვების მიზნით და თავისავე პარტიის თავმჯდომარე წავიდა პარტიიდან და პოლიტიკიდან“, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებით ღარიბაშვილმა საკუთარი თავი და ოჯახის წევრები სასანქციო პოლიტიკას გადაარჩინა.
„ღარიბაშვილმა თავი გადაირჩინა, ეს თავის გადარჩენის და იმ მილიონების გადარჩენის მცდელობაა, რომელიც წლების მანძილზე „ქართული ოცნების“ სახელით ქართველ ხალხს მოპარა. ასევე, სურვილი, რომ მას და მის ოჯახის წევრებს შეეძლოთ დასავლეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროკავშირში შესვლა, მოგზაურობა, სწავლა-განათლება, ცხოვრება, ეს არის რეალურად მისი პოლიტიკიდან და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობიდან წასვლის მიზეზი“, - განაცხადა ბოკუჩავამ.