მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს გაიმართება

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს გაიმართება

17-04-2025, 22:24 - 2025
1 621
       

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 სექტემბერს გაიმართება.
 
აღნიშნულ თარიღს მოლდოვის პარლამენტმა მხარი 17 აპრილს დაუჭირა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
 
როგორც POLITICO წერს, მოსალოდნელია, რომ სექტემბერში დაგეგმილი არჩევნების შედეგად მოლდოვის პარლამენტში ქვეყნის პრეზიდენტის, მაია სანდუს პროევროპული მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის ადგილები მნიშვნელოვნად შემცირდეს.
 
სანდუ, რომელიც ცდილობს, მოლდოვა კიდევ უფრო დააახლოვოს ევროკავშირთან და დააშოროს რუსულ ორბიტას, ოპოზიციის სახით მნიშვნელოვან სირთულეებს აწყდება. მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო, რომელიც 2024 წლის მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში სანდუს მთავარი ოპონენტი იყო და მნიშვნელოვანი რაოდენობის ხმებიც მიიღო, ამჟამად სამი ოპოზიციური პარტიის კოალიციის ლიდერია.
 
პრორუსულად განწყობილი სტოიანოგლოს კოალიცია მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებშიც სანდუს პარტიის მთავარი ოპონენტი იქნება.
 
მოლდოვის პარლამენტის სპიკერის, იგორ გროსუს თქმით, სექტემბრის არჩევნები ქვეყნის მომავლისთვის „გადამწყვეტი“ იქნება.
 

„ჩვენ ან გვერდით მოვისვრით ყველაფერს, რაც მოდერნიზაციისა და ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე მიგვიღწევია, ან წინ წავიწევთ მშვიდობისა და განვითარებისკენ“, - თქვა გროსუმ და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი თარიღი გამოაცხადა.

 
მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების 28 სექტემბერს გამართვას მხარი 57-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 32-მა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები