„რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი რეალური სახე, ეს არის რეპრესიული წყობა“, - ასე ეხმაურება მსახიობი გიგა დათიაშვილი „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას.
გიგა დათიაშვილის განცხადებით, მსახიობებს აქვთ სამოქმედო გეგმა და ამის შესახებ მალე საზოგადოებასაც გააგებინებენ.
„რაღაც მოლოდინები, რა თქმა უნდა, იყო. რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი რეალური სახე. ეს არის რეპრესიული წყობა. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ხელოვნება იყო ერთადერთი სივრცე, სადაც დარჩენილი იყო პროტესტის კერა და ახლა უნდათ, რომ პროტესტის ეს კერა ბოლომდე ჩააქრონ. თუმცა ვაძლევ მაგის გარანტიას, რომ არ გამოუვათ. ანდრო ჭიჭინაძეს სოლიდარობას გამოვუცხადებთ ყველგან და ყოველთვის. გვაქვს გეგმა და ამას აუცილებლად გაიგეს საზოგადოება“, - განაცხადა გიგა დათიაშვილმა თეატრის შენობასთან.
კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან „არაერთგზის გაფრთხილების“ მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ „ვალდებულებას არ ასრულებდა“, ხოლო „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო“.