საზმაუ თანამშრომლების გათავისუფლებაზე: სამართლიანია, სხვებთან სხვა ზომები გამოვიყენეთ

საზმაუ თანამშრომლების გათავისუფლებაზე: სამართლიანია, სხვებთან სხვა ზომები გამოვიყენეთ

12-04-2025, 16:35 - 2025
338
       

საზოგადოებრივი მაუწყებელის განცხადებით, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არის სამართლიანი და მიუკერძოებელი.
 
მაუწყებლის განცხადებით, კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მიმართ გამოყენებული იქნა სხვა ტიპის სანქციები. მათ შორის,  მაუწყებლის რეჟისორის, კახა მელიქიძის მიმართ, რომელმაც ბორდის სხდომაზე საჯაროდ თქვა, რომ „ფეხბურთის დროს სთხოვდნენ კობახიძის რაც შეიძლება მეტი კადრის ჩვენებას“.
 

„საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების და ორგანიზაციის შრომის შინაგანაწესის შესაძლო დარღვევის გამოვლენის მიზნით, დისციპლინური წარმოება დაიწყო ორგანიზაციის ექვსი თანამშრომლის მიმართ. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ ორგანიზაციაში მუშაობა და თანამშრომლობა არის ორმხრივი ნების გამოვლენისა და სურვილის შედეგი, რასაც არ ჰქონდა ადგილი მოცემულ შემთხვევაში, რის გამოც, საქართველოს პირველი არხის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გადაცემის – „რეალური სივრცე“ წამყვანთან, ნინო ზაუტაშვილთან და საინფორმაციო გადაცემის – „მოამბე“ წამყვანთან, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან შეწყდეს შრომითი ურთიერთობა. აღნიშნული დისციპლინური წარმოების ფარგლებში მაუწყებლის სხვა თანამშრომლების: გადაცემა „რეალური სივრცის“ კორესპონდენტის, თამარ მშვენიერაძის, ამავე გადაცემის წამყვანის, იოსებ კაციტაძის, პულტის რეჟისორის და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორის, კახაბერ მელიქიძის, ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორის, ირმა ჩუბინიძის მიმართ გამოყენებულია სხვა სახის დისციპლინური სანქციები. მოკვლევის პროცესის შედეგების შეფასება რამდენიმე დასაქმებულთან მიმართებაში კვლავ მიმდინარეობს და პროცესის დასრულების შემდგომ საზოგადოებას მიეწოდება დამატებითი ინფორმაცია დისციპლინარული წარმოების შედეგების შესახებ. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია, რომელიც ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობით, მის მიერ საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით შემუშავებული რეგულაციებით. საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე თავდასხმა, ცრუ ბრალდებების ტირაჟირების კამპანია, რომელიც აზიანებს მის იმიჯსა და რეპუტაციას, მიუხედავად იმისა, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი, არ დარჩება სათანადო რეაგირების გარეშე. ორგანიზაციის შეფასებით, მიღებული გადაწყვეტილება არის სამართლიანი, მიუკერძოებელი და სამართლებრივად დასაბუთებული. საზოგადოებრივი მაუწყებელი მიჰყვება შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცესს“, - ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.

 
ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, რომლებიც არხის სარედაქტიო პოლიტიკას საჯაროდ აკრიტიკებდნენ და სახელისუფლებო გავლენებზე საუბრობდნენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები