გერმანულმა ღრუბლოვანმა სერვისის პროვაიდერმა (Cloud Service Priveder) საქართველოს თითქმის მთლიანი მოსახლეობის პერსონალური მონაცემები შემთხვევით ხელმისაწვდომი გახადა.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Cybernews-ი ავრცელებს.
ბაზა კიბერუსაფრთხოების კონსულტირების პლატფორმა SecurityDiscovery-მა აღმოაჩინა. კომპანიის კიბერუსაფრთხოების ექსპერტის, ბობ დიაჩენკოს განცხადებით, მათ ახლახან აღმოაჩინეს პაროლით დაუცველი მონაცემთა ბაზა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობით პერსონალურ დეტალებს შეიცავდა. ერთ-ერთი გაჟონილი ინდექსი მოიცავდა თითქმის 5 მილიონი პიროვნების პერსონალურ მონაცემებს, ხოლო მეორე 7 მილიონზე მეტ სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებულ პირად ინფორმაციას შეიცავს. გამოცემა წერს, რომ ვინაიდან საქართველოს მოსახლეობა თითქმის 4 მილიონია, მონაცემები შესაძლოა შეიცავდეს დუბლიკატებს და ჩანაწერებს გარდაცვლილ ადამიანებზე.
სენსიტიური პერსონალური მონაცემები მოიცავს:
პირადობის ნომერს;
სრულ სახელსა და გვარს;
დაბადების თარიღს;
გენდერს;
სერთიფიკატის მსგავს ნომრებს (პოტენციურად დაზღვევას);
ტელეფონის ნომრებს - მფლობელის შესახებ აღწერილობითი ინფორმაციით.
გამოცემის ცნობით, აღმოჩენიდან მალევე სერვერი offline რეჟიმში გადაიყვანეს და გამოქვეყნებულ მონაცემებზე საჯარო წვდომა დაიხურა. უცნობია, შეატყობინეს თუ არა კომპანიას მონაცემთა გაჟონვის შესახებ.