ივანიშვილს ბიზნესი საქართველოში გადმოაქვს, თუმცა ბიუჯეტში ფული არ შევა

ივანიშვილს ბიზნესი საქართველოში გადმოაქვს, თუმცა ბიუჯეტში ფული არ შევა

22-01-2025, 18:50 - 2025
6 205

„სანქციების შიშით, ბიძინა ივანიშვილმა გასული წლის ბოლოს, ოფშორებიდან საკუთარი ბიზნესწილების საქართველოში გადმოტანა დაიწყო“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ააიპ „საგამოძიებო ბიუროს“ ხელმძღვანელი ირაკლი აბესაძე წერს.
 
გარდა ამისა, ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ოჯახის წევრების სახელზე საჯარო რეესტრში ახალი სააქციო კომპანიები დარეგისტრირდა, კომპანიების ნაწილმა კი სამართლებრივი ფორმა შეიცვალა და შპს-ს ნაცვლად სააქციო საზოგადოებად გადაიქცა.
 
შეგახსენებთ, 2024 წლის აპრილში პარლამენტმა დაჩქარებული წესით განხილვის შემდეგ, საგადასახადო კანონმდებლობაში ინიცირებული ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებებით 2028 წლის 1-ელ იანვრამდე ოფშორებიდან საქართველოში ბიზნესის/ქონების გადმოტანის შემთხვევაში მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდა. გადაწყვეტილებას მაშინ გამოეხმაურა ეროვნული ბანკი და აღნიშნა, რომ მიღებული ცვლილებები საბანკო ტრანზაქციებს არ არეგულირებს.
 
ამ ფონზე „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენად აისახება ბიძინა ივანიშვილის მიერ ოფშორებიდან საქართველოში ბიზნესწილების გადმოტანა ინვესტიციების ნაწილზე. როგორც ბიზნეს-სამართლის სპეციალისტი, იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი აცხადებს, ოფშორებიდან ქონების გადმოტანა გათავისუფლებულია გადასახადებისგან, შესაბამისად, ბიუჯეტში ამით თანხა არ შევა. რაც შეეხება აქციებსა და წილებს, მათი მოგებისა და შემოსავლების გადმოტანა უნდა მოხდეს ბანკის საშუალებით. ჩარგეიშვილი აღნიშნავს, რომ წილების გადმოტანის შემდეგ, რამდენად მიემართება თანხები ბრუნვად ეკონომიკაში და რამდენად ჩაითვლება ინვესტიციად, ეს დამოკიდებული იქნება კონკრეტულ მესაკუთრეზე.
 

„ანტიკორუფციულმა ბიურომ დახურა დეკლარაციებზე ღიად წვდომის შესაძლებლობა. იქამდე ბიძინა ივანიშვილს შევსებული ჰქონდა ქონებრივი დეკლარაცია, მითითებული ჰქონდა ყველა წილი და აქტივი, რაც უფიქსირდება მესამე პირების გარეშე და გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეგო კონკრეტულად, რა ქონების გადმოტანაზე არის საუბარი. ამ ინფორმაციის ქონის შემთხვევაში შეგვეძლებოდა რეგისტრირებულ აქტივებზე დაყრდნობით გაგვეკეთებინა ანალიზი, კონკრეტულად, რა ტიპის ქონება გადმოაქვს ოფშორებიდან საქართველოში. შეგვიძლია რამდენიმე ნაწილად დავყოთ ქონება, რაც აქამდე ვიცოდით, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა. ეს შესაძლოა იყოს წილები და აქციები - თუკი ეს აქციები გადმოდის ოფშორებიდან საქართველოში, მოგების მიღება ამ კომპანიებიდან შესაბამისი დანარიცხებით საქართველოში უნდა განხორციელდეს და საქართველოს ანგარიშებზე უნდა დაირიცხოს. რამდენად იქნება ეს ინვესტიციების საფუძველი, ეს მესაკუთრის, ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი იქნება. აქედან გამომდინარე, პირდაპირი ბმა თქვენს კითხვასთან მიმართებაში [აისახება თუ არა ინვესტიციების ზრდაზე] არ არსებობს. ეს დამოკიდებული არის მესაკუთრეზე, რომელიც გადაწყვეტს, მიმართოს, თუ არა ეს ქონება საქართველოში შემოსვლის შემდეგ ბრუნვად ეკონომიკაში. მეორე ნაწილი ამ აქციების და წილების მიღმაა და უკავშირდება ქონების გადმორეგისტრირებას საქართველოში. ქონების გადმორეგისტრირების ნაწილში შესაძლოა, საუბარი იყოს მაგალითად, გემებზე, თვითმფრინავებზე, ასევე, შესაძლოა, საუბარი იყოს კრიპტოვალუტაზე, რადგან საერთაშორისო ბაზარზე კრიპტოვალუტა როგორც ქონება, ისე განიხილება. გარდა ამისა, მედიაში იყო საუბარი ძვირფასეულობაზე, ხელოვნების ნიმუშებზე და გარკვეულ კოლექციებზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს საზღვარგარეთ და თუ მათ საქართველოში შემოიტანს, ეს განიხილება ქონების დაბეგვრის ნაწილში, მაგრამ ე.წ ოფშორების კანონით ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია, შესაბამისად, ბიუჯეტი აქედან სარგებელს და რაიმე თანხას ვერ მიიღებს“, - განაცხადა აკაკი ჩარგეიშვილმა.

 
„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ეკონომისტი ოთარ ანგურიძე ამბობს, რომ არ ფლობს ინფორმაციას ოფშორებიდან წილების საქართველოში გადმოტანის შესახებ, თუმცა აღნიშნავს, რომ თუ ქვეყანაში ახალი ინვესტიციები შემოვა, ეს დადებით გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე.
 
„სიმართლე რომ გითხრათ, მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ გადმოაქვს ბიძინა ივანიშვილს ოფშორებიდან ბიზნესწილები. თუმცა, თუ ვინმე შემოიტანს საქართველოში ინვესტიციას, ეს ჩვენს ქვეყანას და ეკონომიკაზე პოზიტიურად იმოქმედებს, რადგან ინვესტიციას ყოველთვის თან ახლავს ახალი ტექნოლოგიების შემოტანა, მეტი დასაქმებული ჩვენს ქვეყანაში, ექსპორტის პოტენციალის ზრდა ა.შ“, - განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა