საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ პატრიარქის 2025 წლის საახალწლო მილოცვის ვიდეო დამონტაჟებული იყო და განმარტავს, არც პირადად მას და არც სამსახურს ვიდეოსთან არაფერი აკავშირებთ.
მისივე თქმით, სწორედ ამ მიზეზით არ გამოქვეყნდა მილოცვა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე.
„პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით ზოგი ადამიანი „საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს“ იხსენიებს აუგად. დეტალურ ახსნებს ვერ დავიწყებ რიგი მიზეზების გამო, უბრალოდ სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ არაფერი მასთან არც მე პირადად და არც სამსახურს არ აკავშირებს. ამასთანავე, რადგან ასეთი სახის დამონტაჟებული იყო, ვიდეო არ დევს ჩვენი სამსახურის გვერდზე. მიმაჩნია, მინიმუმ მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ ეს არის მონტაჟი და არა ორიგინალი“, - წერს დეკანოზი.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ პატრიარქის მილოცვის ამსახველ ვიდეოსთან დაკავშირებით მოქალაქეების ნაწილი ირწმუნებოდა, რომ მილოცვა ახალი არ არის და პატრიარქის სიტყვები წინა წლების მილოცვის ტექსტიდანაა ამოღებული და დამონტაჟებული.