პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე კითხვაზე, შეუერთდება თუ არა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს პასუხობს, რომ „საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების და პარტნიორების ნაბიჯებს, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფასთან დაკავშირებით იქნება გადადგმული“.
თალაკვაძის თქმით, საქართველოს უკრაინის საკითხზე მჭიდრო კოორდინაცია აქვს პარტნიორებთან და მათგან ქმედით ნაბიჯებს ელის. დამაზუსტებელ კითხვაზე, რამდენად შეიძლება შეუერთდეს საქართველო სანქციებს, ის ამბობს, რომ „შეკითხვა სწორად დასმული არ არის“.
„საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მიუღებელია უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია და მისი სუვერენიტეტის ხელყოფა. სანქციებს შეიმუშავებს აშშ და ევროკავშირი და რა თქმა უნდა, როცა გითხარით, რომ ველით საერთაშორისო საზოგადოების ქმედით ნაბიჯებს, ზუსტად ამას ვგულისხმობდით, რომ სანქციებზე მუშაობა მიმდინარეობს. საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების და პარტნიორების ნაბიჯებს, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფასთან დაკავშირებით იქნება გადადგმული”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.