„ევოლუშენ ჯორჯია“ შემცირების პროცესს იწყებს და სამსახურიდან 1 000 ადამიანის გათავისუფლებას გეგმავს.
ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.
„სამწუხაროდ, ერთ-ერთი ადგილობრივი პროფკავშირის წამოწყებული ბოლოდროინდელი არამართლზომიერი აქტივობების გამო, საქართველოში ევოლუშენის ოპერირება შეფერხდა და ჩვენი კომპანიის ბიზნეს პარტნიორები დაზარალდნენ, რომელთა დიდ ნაწილს საქართველოს სტუდიიდან სერვისის მიღება აღარ სურს. ამ სამწუხარო ვითარებამ ევოლუშენი აიძულა, თბილისში საკუთარი წარმომადგენლობისთვის გადაეხედა. შეფასების პირველი ეტაპი დასრულებულია და შედეგად, ევოლუშენი შემცირების პროცესს იწყებს, რათა საქართველოს სტუდიის საოპერაციო სამუშაო ძალა 1 000 როლით შეამციროს.
ევოლუშენი ბიზნეს პარტნიორების სპეციფიკური მაგიდების უმეტესობას მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გადაიტანს. აღნიშნული მაგიდების შემცირება და დემონტაჟი უკვე დაწყებულია. ევოლუშენი არ გამორიცხავს რისკს, რომ შესაძლოა, იძულებული გახდეს, განახორციელოს შემდგომი შემცირება იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია არ გაუმჯობესდება და სანამ პროფკავშირის მიერ ინიცირებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით გამოწვეული ზიანის შეფასება არ დასრულდება. ეს სამწუხარო გადაწყვეტილება ადვილი მისაღები არ იყო. აღნიშნული პროფკავშირის არამართლზომიერი ქმედებების პირდაპირი შედეგია და საქართველოს სტუდიაზე ამ ქმედებების ნეგატიური გავლენებითაა გამოწვეული“, - წერია განცხადებაში.