ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ნამახვანჰესის“ საკითხზე კომპანია „ენკას“ პრეტენზიები გააჩნია. მისი თქმით, მთავრობა მათ პრეტენზიებს ნაწილ შემთხვევაში იზიარებს, ნაწილში კი არა.
მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესი და მეტ ინფორმაციას ვერ გააჟღერებს. დავითაშვილი ამბობს, რომ პროცესში საექსპერტო, საკონსულტაციო და იურიდიული კომპანიები, ასევე, სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანიზაციები არიან ჩართულები.
„კომპანია „ენკას“ თავის პრეტენზიები გააჩნია, ისინი შეფერხდნენ მუშაობის პროცესში, მათ ასევე გარკვეული წინადადებები აქვთ, თუმცა ჩვენ შეიძლება რაღაცებს ვითვალისწინებდეთ და რაღაცებში არ ვეთანხმებოდეთ. ამიტომ, ეს პროცესი იქნება სამართლებრივი და ბუნებრივია, რომ ვიდრე არ იქნება პროგრესი, ამაზე მეტ ინფორმაციას ვერ მივაწვდით ვერავის რაც არ უნდა გვინდოდეს. იმიტომ, რომ ეს პროცესი ბევრ ელემენტს მოიცავს. ჩვენი მხრიდან ჩართულია საექსპერტო, საკონსულტაციო და იურიდიული კომპანიები, მათ შორის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანიზაციები არიან ჩართულები, რომლებსაც პროექტთან დაკავშირებით აქვთ თავისი შენიშვნები. არსებობს სასამართლო პროცესები. კომპლექსური საკითხია, ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ დაველოდოთ სწორად წარმართულ სამართლებრივ პროცესს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.