„ეპიდსიტუაციის ყველა ინდიკატორი ძალიან ნელა, მაგრამ იკლებს”, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეპიდსიტუაციას გაუმჯობესების ტენდენცია აქვს. გამყრელიძის თქმით, შაბათ-კვირასაც კორონავირუსის შემთხვევების შემცირების ტენდენცია გაგრძელდება.
„ეპიდსიტუაციის ყველა ინდიკატორი - ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე, რეპროდუქციის ინდექსი, დადებითობის მაჩვენებელი ძალიან ნელა, მაგრამ იკლებს. დღეს, წინა კვირის შესაბამის დღესთან შედარებით დაახლოებით 2 ათასზე მეტით არის კლება, ასევე, გუშინდელ ახალ შემთხვევებთან შედარებით სერიოზული კლებაა.
დარწმუნებული ვარ, შაბათ-კვირასაც შესაბამისი შემცირების ტენდენცია გაგრძელდება. ეს ეტყობა მოსახლეობის მიმართვიანობას ტესტირების პუნქტებისადმი, ასევე ეტყობა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს. მოკლედ რომ მოგახსენოთ, ეპიდსიტუაციას გაუმჯობესების ტენდენცია აქვს. ვნახოთ, როგორი დინამიკით და რა სისწრაფით გაგრძელდება ეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.