2007 წლის ნოემბერში საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო. 3 ნოემბერს ქვეყანაში სახალხო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რომელიც 7 ნოემბერს მასშტაბურ აქცისა და დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა.
აქცია დასრულდა პოლიციის მიერ მოქალაქეთა ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშლით.
მოვლენების ქრონოლოგია:
- 12 სექტემბერი: შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან დაახლოებული პირია, თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც ადგილობრივი გამგეობის რამდენიმე მაღალჩინოსანი კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს.
- 14 სექტემბერი: ორმა დეპუტატმა, თეო ტლაშაძემ და ქეთევან მახარაშვილმა, რომლებიც ასევე ირაკლი ოქრუაშვილთან დაახლოებული პირები არიან, მმართველი პარტია დატოვეს.
- 25 სექტემბერი: პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ქიტოშვილი გამოძალვის ბრალდებით დააპატიმრეს. იმავე დღეს, შემოსავლების სამსახურმა ოქრუაშვილის ახლო მეგობრის ქიბარ ხალვაშის ბიზნეს საქმიანობის შესწავლა დაიწყო.
- 27 სექტემბერი: ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრობის დროს ფულის გამოძალვის, ფულის გათეთრების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააპატიმრეს.
- 28 სექტემბერი: პარლამენტის წინ ოქრუაშვილის გათავისუფლების, ვადამდელი არჩევნების და საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმების მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
- 29 სექტემბერი: პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოქრუაშვილის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ამ უკანასკნელის ბრალდებები მის მიმართ ყალბია.
- 8 ოქტომბერი: ოქრუაშვილმა უარყო სააკაშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები და განაცხადა, რომ მისი ბრალდებები „პოლიტიკური დივიდენდების მიღებას“ ისახავდა მიზნად მისთვის და ბადრი პატარკაციშვილისთვის. გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ოქრუაშვილმა ასევე აღიარა დანაშაული ფულის გამოძალვასა და სამსახურეობრივ გულგრილობაში. მოგვიანებით, 10 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ ის გაათავისუფლეს. თუმცა, გაურკვეველია, ვინ გადაიხადა გირაო.
- 10 ოქტომბერი: ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებაში ჩაერთო მას შემდეგ, რაც ოქრუაშვილმა უარყო თავისი განცხადებები, განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებულმა „რთულმა სიტუაციამ“ შესაძლოა აიძულოს ის პოლიტიკაში მოვიდეს.
- 11 ოქტომბერი: ოქრუაშვილის მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პოლიტიკიდან მიდის.
- 17 ოქტომბერი: ათმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ერთობლივ კამპანიას აწარმოებს, თავისი პრიორიტეტები გაახმოვანეს 12-პუნქტიან მანიფესტში. იმავე დღეს კოალიციამ ოთხი მთავარი მოთხოვნა გაახმოვანა.
- 19 ოქტომბერი: ქუთაისში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქცია ოპოზიციის კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 2 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ მასობრივ საპროტესტო აქციას წინ უძღვის.
- 22 ოქტომბერი: ათი პარტიისგან შემდგარი კოალიცია პერმანენტული აქციების შესახებ განცხადებას აკეთებს.
- 23 ოქტომბერი: რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაში.
- 25 ოქტომბერი: პარტია საქართველოს გზის, თავისუფლების და რესპუბლიკელების ლიდერები სალომე ზურაბიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია და დავით უსუფაშვილი ბრიუსელს ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ხავიერ სოლანას შეხვდნენ. შეხვედრა ათი პარტიისგან შექმნილი ოპოზიციური კოალიციის საერთაშორისო მცდელობების ნაწილი იყო, რათა წარმოეჩინათ თავიანთი ზომიერი, ნაკლებად რადიკალური, პოზიცია.
- 28 ოქტომბერი: ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ იგი ოპოზიციას დააფინანსებს, რათა მათ „ცივილიზებული გზით“ გამართონ აქციები. ზუგდიდში ოპოზიციის მიერ გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ მმართველი პარტიის მხარდამჭერები თავს დაესხნენ და სცემეს ორი ოპოზიციონერი დეპუტატი და რამდენიმე აქტივისტი.
- 30 ოქტომბერი: დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ხელისუფლება არჩევნების დღესთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.
- 1 ნოემბერი: რეგიონებიდან ათასობით ადამიანი ჩამოვიდა საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად.
- 2 ნოემბერი: ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა პარლამენტის წინ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე. მოგვიანებით იმავე დღეს ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს შეხვდნენ. ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება არჩევნების დღესთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.
- 3 ნოემბერი: ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია განაახლა. ოპოზიციამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა მათი მთავარი მოთხოვნა იყო.
- 7 ნოემბერი:პოლიციამ აქციის დასაშლელად პარლამენტის წინ ცრემლსადენი აირი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური თოფები და წყლის ჭავლი გამოიყენა. სპეცრაზმი უმოწყალოდ სცემდა და არბევდა მოქალაქეებს. დარბევა გაგრძელდა 8 ნოემბრის დილის საათამდე. ნიღბიანმა პირებმა ტელეკომპანიების „იმედისა“ და „კავკასიას“ სტუდიები დაარბიეს, რის გამოც ამ ტელეკომპანიების მაუწყებლობა გამოირთო. პრეზიდენტმა სააკაშვილმა თბილისში საგანგებო ვითარება გამოაცხადა.
- 8 ნოემბერი: საქართველოში ორმა ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. დილით, 11 საათისთვის, ბათუმის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმმა სტუდენტური აქცია დაშალა.