ჟურნალისტი ელისო კილაძე პოლიტიკაში მოდის

ჟურნალისტი ელისო კილაძე პოლიტიკაში მოდის

26-10-2022, 19:53 - 2022
1 052
       

ჟურნალისტმა და „ქრონიკა+“-ის მთავარმა რედაქტორმა პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა.
 
ამის შესახებ მან CNews-სთან ინტერვიუში განაცხადა.
 
ყოველდღიურად მენტალური, ჰუმანიტარული, ფსიქოლოგიური, ჰიბრიდული ომია. ხომ ნახეთ, რამდენმა ადამიანმა გამოამჟღავნა საკუთარი თავი, რომლებიც  ჩუმად იყვნენ და ელოდებოდნენ თავის დროს და რუსული ნარატივების კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას.
 
იცით, რამდენი ადამიანია კიდევ, რომელიც თადარიგს იჭერს და ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ არ მოსულა დრო, როცა ასე საჯაროდ უნდა გამოხატონ თავიანთი პოზიციები. მაგრამ ჩვენ არ გამოვრიცხოთ ის, რომ თუ რუსეთი უკრაინაში იქნება ძალიან წარუმატებელი და რა თქმა უნდა, ეს ასეც იქნება, უკრაინაში რუსეთი ამ ომს აუცილებლად წააგებს, სხვა ლოგიკა უბრალოდ არ არსებობს, ამის შემდეგ ის შეეცდება, რომ საქართველოში არა მენტალურად, არამედ ფიზიკურად, ტანკებისა და იარაღის გამოყენებით შემოვიდეს.
 
ამას წინათ იყო საუბარი იმაზე, რომ შენგენის ქვეყნებში ვიზები კეთდება იქ ყოფნის 2-წლიანი გარანტიით. მე მითხრეს, რომ თუ გინდა, პასპორტი გამოგვიგზავნე და ამას გაგიკეთებთო. რაღაც პერიოდი ვიფიქრე, რომ ხომ არ გავაკეთო-მეთქი, რადგან ხომ შეიძლება, 3 თვეზე დიდი ხნით მოგინდეს სადმე წასვლა და საზღვრის კვეთები არ იყოს, მაგრამ არა, არსად წავალ, არც ერთ შემთხვევაში, არც ფიზიკური ომის და არც ჰიბრიდული ომის პირობებში, იმიტომ, რომ ამ საზოგადოებას სჭირდება ადამიანები, რომლებიც მას მოუსმენენ, მათ გაჭირვებას გულთან მიიტანენ, გაიზიარებენ და  მათ დასახმარებლად რაღაცებს გააკეთებენ. ამიტომ ერთადერთი მიზეზი, რამაც შეიძლება 2024 წლამდე  პოლიტიკაში ჩემი მოსვლის გადაწყვეტილება დააჩქაროს, ეს იქნება ომი.
 
ვფიქრობ, 2024 წელი არის თარიღი, როცა მივიღებ ამ გადაწყვეტილებას, რომ პოლიტიკაში ღიად და აქტიურად ჩავერთო, თუმცა ამ ეტაპზე არანაირი კონსულტაციები არ მაქვს,  ძალიან რთული 10 წელი გავიარე „ქართული ოცნების“ პირობებში და არასდროს ვყოფილვარ, ჩემი მეგობრების გარდა, სხვა ადამიანების იმედად.
 
არც პოლიტიკური აქტივისტებისა და არც პოლიტიკური პარტიების ლიდერების იმედი არ მქონია. მეტიც: როცა ჩემი შვილი  დაიჭირეს, ძალიან ცოტა პოლიტიკოსმა გააკეთა საჯარო განცხადება, ესენი იყვნენ: შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე, დათო კირკიტაძე და ნიკა მელია, სხვები არ ყოფილან. არც არასამთავრობო სექტორი არ იდგა ჩემ გვერდით. მათ ელიტარული „კუტოკი“ შექმნეს, ადამიანებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ და შერჩევითი პროტესტები აქვთ.   
 
მახსოვს სახალხო დამცველის გარდა [ჩემი შვილის საქმეზე], არავის გაუკეთებია განცხადება. მაშინ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იყო, რომელმაც საოცარი პოზიცია დაიჭირა, უპრინციპულესი, არ შეეპუა არავის დედამიწის ზურგზე. არავინ ყოფილა ჩემთან ერთად და ჩემ გვერდით, ამიტომ ზუსტად ვიცი, ომში ვისთან ერთად წავალ და ზუსტად ვიცი, ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ამ ომში გამომყვებიან ბოლომდე და არ მიმატოვებენ.
 
პარტიაში იქნებიან საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეებიც. პარტიის სახელი მოფიქრებული მაქვს  და თავის დროზე ვიტყვი. კონცეფციაც შევიმუშავე, მაგრამ ის, რომ ვიჯდე და დღე და ღამე ამაზე ვფიქრობდე, ასე არ არის
“, - განაცხადა ელისო კილაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები