მოხდა თუ არა ფიზიკური დაპირისპირება წულუკიანსა და კრივის ფედერაციის პრეზიდენტს შორის? - ბრალდებები და პასუხები

მოხდა თუ არა ფიზიკური დაპირისპირება წულუკიანსა და კრივის ფედერაციის პრეზიდენტს შორის? - ბრალდებები და პასუხები
29-09-2022, 14:07 - 2022
581

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით წიკლაურმა მისკენ დასარტყმელად გაიწია.

მისი თქმით, მიუხედავად ამ ფაქტისა, ქართულ კრივს სამინისტროს მხრიდან ხელშეწყობა ექნება, თუმცა ფედერაციის გვერდის ავლით.

„კრივის ფედერაციის წარმომადგენლებისგან ან მოკრივეებისგან რომ იყო ჩემდამი რამე წინააღმდეგობა, ეს არის სიცრუეა. ჩვენ გვყვანან მოკრივეები, რომელი ასაკისაც გნებავთ, არიან ერთი მეორეზე ღირსეული არა მხოლოდ თავიანთი დიდი მიღწევებით, არამედ თავიანთი ქცევით, რადგან ამ თემამ ასეთი გამოხმაურება მიიღო, გამოვიყენებ ეთერს და გეტყვით, ის ადამიანი, ვინც ჩემზე გაიწია დასარტყმელად, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქმედება ჩემს გონებაში ან განწყობაში გადამაქვს მოკრივეზე ან კრივის სახეობაზე. მათ იმხელა შედეგები აჩვენეს წელს, რომ მხოლოდ მადლობას იმსახურებენ და სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენი ახალგაზრდა მოკრივეები დავაფინანსეთ, ოღონდ ფედერაციის გვერდის ავლით. ქართულ კრივს, იმიტომ, რომ მათ არ გაუმართლათ ხელმძღვანელში, ჩვენ ხელს არ გავუშვებთ, მაგრამ ეს არის ასე, ეს არის ფაქტი. როგორც მეუბნებიან, მას აქვს განცდა, რომ უნდა, ჩაებღაუჭოს ამ ფედერაციას, მაგრამ მე ქართულ კრივს ამ ადამიანს, რომელიც, ამ ფაქტის მერე არავინ არ არის და არის ცარიელი ადგილი, ვერ დავაღუპვინებ, რადგან მე ვარ სპორტის მინისტრი, მე მევალება ქართული კრივის ხელშეწყობა და რა თქმა უნდა, ეს ხელშეწყობა მათ ექნებათ”, - განაცხადა თეა წულუკიანმა.


კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნული ბრალდების შემდეგ ვრცელი განცხადება გაავრცელა და დეტალებზე ისაუბრა. 

როგორც დავით წიკლაურმა აღნიშნა, წულუკიანის ეს განცხადება სასაცილო და სისულელეა.

„თეა წულუკიანის ყოფილი მოადგილეს სოსო გიორგაძეს შევხვდით, რომელიც ერთი უბრალო თავხედი ახალგაზრდა იყო, რომელსაც არანაირი სპორტი არ ესმოდა და გველაპარაკებოდა აგდებულად. აგდებულად მოგვაყარა მაგიდაზე კალამი და ფურცელი და გვითხრა - რა იყო, რა შემჭამეთ, რა ფულს მთხოვთო. ჩვენ ბიუჯეტი ყოველწლიურად გვეზრდებოდა, წინა წელს 1 260 000 გვქონდა, ვითხოვდით დაფინანსების გაზრდას. სხვა ვალდებულების გარდა, მოდიოდა ევროპის ჩემპიონატი, რისთვისაც თანხა არ გვქონდა. ამიტომ იძულებული გავხდი, რომ შემეწუხებინა და შეხვედრაზე მივსულიყავი, სადაც უნდა მეთქვა, ვითარება იმ დონემდეა მისული, რომ გუნდი ჩემპიონატზე ვერ მიდის-მეთქი. სწორედ ამ შეხვედრაზე გვითხრა, რომ ბიუჯეტი ნახევარი მილიონი გექნებათო, რაზეც ვუთხარი, რომ პირიქით, ბიუჯეტის გაზრდა ვითხოვდით-მეთქი. ასევე ვუთხარი, თუ ჩემშია პრობლემა განცხადებას დავწერ, წავალ-მეთქი. ერთი სიტყვით, კონფლიქტი აქედან დაიწყო.

თეა წულუკიანმა არც ერთი სპორტსმენის სახელი და გვარი არ იცის, არც ის იცის, რა მოვითხოვე, იმიტომ, რომ არ ესწრებოდა იმ შეხვედრას. შეხვედრაზე ვიყავით მე, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები, დეპარტამენტის უფროსი და კულტურის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე. როგორ ჩანს, სოსო გიორგაძემ შეხვედრის შემდეგ მინისტრს ცრუ ინფორმაცია მიუტანა, იმიტომ, რომ სულ სხვა საუბარი შედგა, სულ სხვანაირი სიტუაცია იყო და საერთოდ სხვაგვარად არის ენა მიტანილი თეა წულუკიანთან. ამიტომ, წულუკიანი ლაპარაკობს იმას, რაც უთხრეს. 8 ოქტომბერს ჩავატარებთ კრებას, სადაც მოწვეული იქნებიან მწვრთნელები, რეგიონული ფედერაციები, ნაკრების წევრები, როგორც დიდები ისე ახალგაზრდები, ასევე მოწვეული იქნებიან ის ადამიანები, ვინც სამინისტროში ჩვენ შეხვედრას ესწრებოდნენ და ყველაფერი კარგად ნახეს საკუთარი თვალით, ვინ ვისკენ გაიწია, ვინ ვის აყენებდა შეურაცხყოფას და იტყვიან თავის სათქმელს ისე, როგორც საჭიროა. შეხვედრაზე, რა შეურაცხყოფაც მოგვაყენა თეა წულუკიანმა იმაზე გავეცით საკადრისი პასუხი, როგორ და თავად რა სიტყვებით საუბრობდა, როგორი კულტურის მინისტრია, როგორი მიდგომა ჰქონდა სპორტსმენებთან, ზოგადად ფედერაციასთან და პირადად ჩემთან ამის შესახებ საზოგადოება ცოტა ხანში ყველაფერს გაიგებს. რაც შეხვედრაზე მოხდა თავად მინისტრმა ჩემზე უკეთ იცის, რა დღეშიც ჩავარდა და რა სიტყვებით დაიწყო საუბარი. როდესაც საკადრისი პასუხი გავეცი გამოიწია მისი ყოფილი მოადგილე, რომელმაც ასევე საკადრისი პასუხი მიიღო. ქალბატონ თეასთან არანაირი ხელით გაწევა არ ყოფილა, ეს არც მიფიქრია და ასეთ რამეს არც ვიკადრებ.

მთელმა სამინისტრომ იცის, რომ როდესაც მოხდა ეს კონფლიქტი ხმაური ნამდვილად არ მინდოდა, ამიტომ თავიდანვე შევთავაზე ყველა ფორმა თანამდებობიდან ჩემი წასვლის შესახებ. ასევე შევთავაზე ყველა ფორმა ფედერაცია დარჩენილიყო და შენარჩუნებული ყოფილიყო ის სასიკეთო ნაბიჯები, რაც კრივისთვის გადავდგით. ამაზე მოდიოდა მხოლოდ ერთი პასუხი - „დაწეროს, წავიდეს და მერე ჩვენ მივხედავთ“. მე აღვნიშნე, რომ ამბობთ, ჩვენ მივხედავთო, ეს მისაღები ფორმა არ არის არც კრივისთვის, არც მოკრივეებისთვის და არც არავისთვის-მეთქი. ვთქვი, ფედერაციიდან გამოყოფილიყო ორი პასუხისმგებელი, ასევე ორი ადამიანი სამინისტროდან, რომლებიც შეთანხმდებოდნენ იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდებოდა წყნარ და მშვიდ გარემოში, სადაც თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებოდა ყველა იმ დელეგატს, ვისაც ეს ეკუთვნის. ვთქვი, რომ ამის საშუალება მოგვეცით-მეთქი. მინისტრის პასუხი იყო, „არა, დაწეროს განცხადება, წავიდეს და მერე მე ვიცი ვინ მოვა“. ეს არის მისი პრინციპი, თორემ მე, არანაირ სკამს არ ვებღაუჭები“, - განაცხადა დავით წიკლაურმა.



კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა