სამადაშვილი ლუკაშენკოზე - „ქართული ოცნების“ გამოხმაურებაა უსუსური

სამადაშვილი ლუკაშენკოზე - „ქართული ოცნების“ გამოხმაურებაა უსუსური
29-09-2022, 00:36 - 2022
336

„ლელოს“ პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებისთვის წინაპირობის შექმნაა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამაზე ხელისუფლების გამოხმაურება „უსუსურია“.

გაუგებარია რეაქცია, რაც დღეს ვნახეთ საქართველოს ხელისუფლებისგან, რომელმაც 10 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ვერაფერი გააკეთა. აგური კი არა, ერთი გრამიც ვერაფერი დადო, რათა რაიმე შეცვლილიყო ოკუპირებულ ტერიტორიებთან და იქ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებთან ურთიერთობების დინამიკაში. დღესაც უშვებს შესაძლო შანსებს ხელიდან. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არაადეკვატური რეაგირებაა. დღეს ბელარუსის პრეზიდენტმა დაარღვია კანონი ოკუპაციის შესახებ. დაარღვია საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა. ამიტომ ადეკვატური პასუხი იქნებოდა ის, რომ ჩვენი ელჩი ბელარუსიდან კონსულტაციებისთვის იყოს გამოწვეული, მოთხოვნა და ოფიციალური ნოტა გადაეცეს ბელარუსის მხარეს, რომ დეზავუირება გაუკეთონ თავიანთ პოზიციას და ოფიციალურად დაადასტურონ, რომ აღიარებენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თუ ბელარუსი ამას არ გააკეთეს, მოთხოვნა უნდა იყოს, რომ მათი ელჩი გაწვეულ იქნეს კონსულტაციებზე. „ქართული ოცნების“ უსუსური გამოხმაურებაა - ხელისუფლების, რომელიც 10 წელია ატყუებს ხალხს, რომ ქმედითი პოლიტიკა აქვს რუსეთთან, დალაგების, მოგვარების ე.წ. პოლიტიკა. ამ დალაგების პოლიტიკის ერთადერთი შედეგი არის გამყარება ჩვენი ტერიტორიების რუსეთის მიერ მითვისების.

ლუკაშენკო თუ ჯერ კიდევ ფიქრობს იმაზე, აღიაროს თუ არა, ეს იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ჩაეყარა საფუძველი მყარ არაღიარების პოლიტიკას. ბელარუსმა იცის, რომ სანქციები დამძიმდება, თუ ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებენ. ისინი ამ კომპენსაციას მოითხოვენ რუსეთისგან, კომპენსაციის დაპირება არ აქვს რუსეთს გაცემული და ეს არის შემაკავებელი ფაქტორი
“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ბელარუსის ელჩი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა