წულუკიანი ლუკაშენკოზე - ამ ფაქტს ჩვენ არ შევიწყნარებთ, მიღებული იქნება ზომები

წულუკიანი ლუკაშენკოზე - ამ ფაქტს ჩვენ არ შევიწყნარებთ, მიღებული იქნება ზომები

29-09-2022, 00:13 - 2022
412
       

„ამ ფაქტს ჩვენ არ შევიწყნარებთ, მიღებული იქნება ზომები“, - ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას.

მისი თქმით, უნდა გაირკვეს შეიცვალა თუ არა ლუკაშენკომ პოზიცია ჩვენი სუვერენიტეტის აღიარების საკითხში, თუმცა აღნიშნულ ფაქტზეც უნდა მოხდეს რეაგირება.

დავიწყოთ იმით, რომ პირველ რიგში ადეკვატური შეფასებები უნდა გაკეთდეს, რაც ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულია და კიდევ მრავალჯერ გაკეთდება. რასაკვირველია, ეს არის დაუშვებელი და მე ვიტყოდი, შეუწყნარებელი ფაქტი, ვინაიდან, ეს მხოლოდ უკანონობა არ არის. ეს არის ის, რასაც ჩვენი სახელმწიფო უბრალოდ არ შეიწყნარებს. რასაკვირველია, რეაგირება იქნება. პირველ რიგში, ჩვენი შესაბამისი კომპეტენტური უწყების მხრიდან, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროა. მაგრამ, თუ ეს იყო დაგეგმილი, რომ ამ ამბავს შეუმჩნევლად ჩაევლო, რბილად რომ ვთქვათ, ვერ ჩაივლის. ძნელი სათქმელია, რას ველოდებით. უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი წლის განმავლობაში, სხვადასხვა სურვილებისა თუ რჩევების მიუხედავად, ლუკაშენკო მყარ პოზიციას ყოველთვის ინარჩუნებდა, არაღიარების პოლიტიკას უერთდებოდა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერდა. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ჩვენ ვამბობთ, რომ მისი საქციელი დაუშვებელია და ჩვენ ამას არ შევეგუებით, პირველ რიგში გასარკვევია, რა არის ეს? ეს ახალი ფურცელია ჩვენს ურთიერთობებში თუ არა. მაგრამ, სჯობს, რომ ამ თემაზე შესაბამისმა უწყებამ ისაუბროს. ეს ერთჯერადი აქტიც რომ აღმოჩნდეს, მაინც დაუშვებელია. თუმცა, გასარკვევია, არის თუ არა ეს რაღაცის შესავალი და რასაკვირველია, შესაბამისი ზომებიც იქნება მისაღები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, დღეს 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ბელარუსის ელჩი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები