თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში სკანდალურ განცხადებას აკეთებს.
მისივე თქმით, სასამართლო სისტემაში არიან მოსამართლეები, რომლებიც გახმაურებულ საქმეებს ვერ იწერენ, რადგან იციან, რა ზეწოლის ქვეშაც აღმოჩნდებიან.
„მე მინახავს ატირებული მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებას ვერ იღებენ და ტიროდნენ, ეს იყო მათი ზეწოლის შედეგი და არა სხვა რამის. თუ მოსამართლეს არ უნდა, ტირილს თავისით არ დაიწყებს. უბრალოდ მას სურდა სხვა გადაწყვეტილების მიღება და ვერ იღებდა სხვა მოვლენების გამო. ასეთ სიტუაციაში ძალიან რთულია, საქმესაც ვერ იწერდა გახმაურებულ საქმეებს ზოგიერთი მოსამართლე, იმიტომ რომ იცოდა და უარს აცხადებდა , საერთოდ განცხადებას დავწერ და წავალ თუ გახმაურებული საქმე დამეწერა და იცოდა, თუ რა ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდებოდა და ფაქტობრივად ამით ცდილობდნენ, რომ არ მიეღოთ პროცესში მონაწილეობა, მაგრამ გამოჩნდებოდნენ ისეთებიც, რომლებიც სიამოვნებით იღებდნენ მონაწილეობას და სასურველ შედეგებსაც იღებდნენ...
ამ ქვეყანაში სასამართლო სისტემა არ არსებობს, არსებობს რაღაც გარკვეული კატეგორიის საქმეებზე, რომელიც არ არის ინტერესის სფერო, ან ამ ჯგუფის ან ხელისუფლების სხვა შემთხვევაში, სასამართლო ხელისუფლება არ გვაქვს. ამ კატეგორიის საქმეებზე მოსამართლეები გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ.
მოსამართლეებს, ვის უთხრან გამარჯობა და ვის არა ესეც კი განსაზღვრულია აქვთ. არსებობს კატეგორიის ადამიანები, რომლებსაც გამარჯობა არ უნდა უთხრან, თორემ ეს მათთვის პრობლემა იქნება ეს არის ძალიან მახინჯი სისტემა. მე მინახავს ისეთი ადამიანები, რომლებიც ისეთ უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილან, რომ გამარჯობას ვერ ბედავდა, რომ ეთქვათ ჩემთან, სხვა ჩემს კოლეგებთან კანკალებდა მოსამართლე, რომ ეთქვა თუ არა გამარჯობა, ეს მოსამართლეები სხვა ადამიანების ბედს ვერ გადაწყვეტენ“, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, სასამართლო სისტემაში არსებულ მძიმე ვითარებაზე, კლანზე, ქუჩურ გარჩევებსა და წინასწარ დაწერილ გადაწყვეტილებებზე გუშინ, 16 სექტემბერს, ტელეკომპანია „მთავართან“ უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ ისაუბრა.