უკრაინელმა სამხედროებმა მელიტოპოლში რუსი ოკუპანტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზა გაანადგურეს.
ამის შესახებ ინფორმაციას მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი ავრცელებს.
ფედოროვის თქმით, ოკუპანტებს ბაზა „ავტოკოლორლიტის“ ქარხნის ტერიტორიაზე ჰქონდათ მოწყობილი.
„გასული ღამე ოკუპანტებისთვის ნამდვილად მძიმე იყო ჩვენს ქალაქში. ალბათ ისევ სადმე დააგდეს სიგარეტის ნამწვი, როგორც ისინი ყველა ამ შემთხვევაში იმართლებენ თავს, მაგრამ შედეგი სახეზეა - მირნოეს დასახლებაში, რომელიც მელიტოპოლიდან 10 კილომეტრში მდებარეობს, განადგურებულია სამხედრო ბაზა, სადაც ფსევდო რეფერენდუმი მზადდებოდა. გარდა ამისა, თავად მელიტოპოლში განადგურებულია უმსხვილესი რუსული სამხედრო ბაზა. შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ მტერი ჩვენს ოლქში თავს არაკომფორტულად გრძნობს და მას აქედან წასვლა მოუწევს“, - ამბობს ფედოროვი.