„დედაენის ბარი“ არ არის ერთადერთი დაწესებულება, რომელსაც უკრაინის მხარდაჭერისა და პუტინის რეჟიმის დაგმობის გამო რუსი ოკუპანტები აგრესიულად თავს ესხმიან.
კიდევ ერთია რესტორანი ფასანაურში მდებარე „გუდა“, რომლის მფლობელებიც ამბობენ, რომ რუსებმა კიბერშეტევა მას შემდეგ განახორციელეს, რაც ფასადსა და შიდა სივრცეში ანტისაოკუპაციო წარწერები გამოჩნდა.
„კარზე გავაკარით სტიკერი, სადაც მითითებულია, რომ ამ ზღურბლის გადმოსვლისას ისინი უნდა აღიარებდნენ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის სუვერენიტეტს, რომ პუტინი არის ომის დამნაშავე და მხოლოდ მას შემდეგ შეუძლიათ მათ შემოვიდნენ ამ ზღურბლს მიღმა. რამაც, შესაბამისად, გამოიწვია აგრესია უკვე, შემოსვლის შემდეგ ისინი ხედავენ მონიტორზე ანტისაოკუპაციო ლოზუნგებს. გასვლის შემდგომ ისინი აკეთებენ უკვე შეფასებებს არამხოლოდ დაბალი ქულებით, არამედ საკმაოდ აგრესიულს, რომელიც არის ამავდროულად მუქარის შემცველიც. მათ აქვთ სურვილი, რომ ჩვენ ვიყოთ მათი მსახურები მათსავე ენაზე, ჩვენ დავივიწყოთ ჩვენი ქართული ენა, მოვემსახუროთ რუსულ ენაზე“, - ამბობს რესტორნის მფლობელი ანი ქავთარაძე.