„საქართველოს არსებობის 5 000 - წლიანი ისტორია აქვს და ამ ისტორიას ვერავინ გადაწერს“, - ეს შეფასება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დიმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით გააკეთა.
თალაკვაძის თქმით, აღნიშნული განცხადება თუ შემდეგ გაკეთებული განმარტებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა რთულ ბეწვის ხიდზე უწევს საქართველოს გავლა.
„ვიმყოფებით რთულ რეგიონში, საფრთხეებით და გამოწვევებით სავსე დროში, როცა ყველა მხრიდან საქართველოს მშვიდობას კონკრეტული საფრთხე ემუქრება, მათ შორის რუსეთი აგრძელებს საქართველოს უკანონო ოკუპაციას და ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან ბრძოლას საერთაშორისო პრინციპების დაცვით, რომ შევძლოთ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და გრძელვადიანი უსაფრთხოების დაცვა. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ნომერ პირველი ამოცანა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.