სერბეთისა და კოსოვოს საზღვარზე სიტუაცია დაიძაბა

სერბეთისა და კოსოვოს საზღვარზე სიტუაცია დაიძაბა

1-08-2022, 02:55 - 2022
666
       

ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკურმა სერბებმა სერბეთის ორ მთავარ სასაზღვრო გადასასვლელთან გზები გადაკეტეს.

ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს. 

ცნობილია, რომ კოსოვოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს, სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით შეუცვლიან, რომელსაც პრიშტინა გასცემს და ძალაში სამი თვის განმავლობაში იქნება.

ამასთან, 1 აგვისტოდან ძალაში შედის სანომრე ნიშნებთან დაკავშირებული წესიც.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკური სერბები იყენებდნენ მანქანების სანომრე ნიშნებს, რომლებიც 1999 წლის ომის შემდეგ სერბეთის ინსტიტუციების მიერ იყო გაცემული, და კოსოვოს ქალაქების სახელებს აღრიცხავდა შემოკლებებით - მაგალითად, KM (კოსოვსკა მიტროვიცა), PR (პრიშტინა), ან UR (უროშევაცი).

კოსოვოს მთავრობა ამ ნომრებს უკანონოდ მიიჩნევს, თუმცა მათ გამოყენებას ნებას რთავდა ჩრდილოეთის ოთხ მუნიციპალიტეტში, სადაც უმრავლესობას სერბები შეადგენენ.

ახლა კოსოვო მოითხოვს ეს სანომრე ნიშნები შეიცვალოს კოსოვოს მიერ გაცემული ნომრებით, რომლებზეც დატანილი იქნება ასოები RKS, კოსოვოს რესპუბლიკის შემოკლებულ ფორმად. მძღოლებს ცვლილებისთვის სექტემბრამდე მოუწევთ ლოდინი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები