დაასრულებს თუ არა Omicron პანდემიას? - ამის შესახებ სტატიას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ვაქცინაციას შეუძლია ადამიანი ინფიცირების შემთხვევაში, დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან დაიცვას.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ სხვა შტამებთან შედარებით „ომიკრონი“ დაავადების მძიმე ფორმას იშვიათ შემთხვევებში იწვევს. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებსა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში შემთხვევების რიცხვის კლება შეინიშნება.
მედიის ცნობით, იმის გამო, რომ „ომიკრონი“ უფრო გადამდებია, ვიდრე კორონავირუსის სხვა შტამები, არსებობს იმედი, რომ პანდემია შეიძლება ენდემური გახდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსი მთლიანად არ გაქრება და გარკვეულ დროს მოსახლეობაში კვლავ გამოჩნდება.
ექსპერტები და ინფექციონისტები ვერ აზუსტებენ, როგორ შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია უახლოეს თვეებში, რადგან უცნობია, როგორ მოხდება ვირუსის შემდგომი მუტაცია.