რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ანექსირებული ყირიმიდან, მიხაილ შერემეტმა კომენტარი გააკეთა უკრაინის ორი ოლქის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებაზე.
მისი თქმით, ეს იმის დასტურია, რომ რუსეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომელთაც თავად "გათავისუფლებულ ტერიტორიებს" უწოდებენ, არ გავა.
„გამარტივებული მოქალაქეობის უფლების მინიჭება არის მნიშვნელოვანი, სამართლიანი და საბედისწერო გადაწყვეტილება. ეს, პირველ რიგში, არის განთავისუფლებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა დაცვა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ რუსეთი გათავისუფლებული ტერიტორიებიდან არ გავა და დაუცველს არ დატოვებს, ჩვენ ხალხს არ მივატოვებთ“, - განაცხადა შერემეტმა.