ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა დაჭრა, ამ დროისათვის კლინიკა „ჰელსი კორშია“ მოთავსებული და არსებული ინფორმაციით, ათამდე ჭრილობა აქვს მიყენებული.
სხვა ინფორმაცია კლინიკას ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
რაც შეეხება მომხდარს, დაახლოებით 1 საათის წინ, თბილისში, მამარდაშვილის ქუჩაზე, ავტობუსის გაჩერებაზე ყოფილმა ქმარმა ქალი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ დაჭრა.
როგორც ქალის ახლობლები ამბობენ, ცოლ-ქმარს შორის ხშირი იყო კონფლიქტი, რის გამოც ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. გარდა ამისა, ქალის ცემისთვის ქმარი დაკავებულიც იყო, თუმცა სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაოთი გამოუშვა. ცნობილია ისიც, რომ ძალადობაში ბრალდებულს ერთი თვის წინ შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, კაცი ნარკომომხმარებელია და ყოფილ ცოლს ხშირად სთხოვდა ფულს.
შსს-მ ცოლის დაჭრაში ბრალდებული მამაკაცი შემთხვევიდან მალევე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.