სანქცირებულ ოლიგარქთან დაკავშირებულ „ბილაინს“ ქართველი ბიზნესმენი, ხვიჩა მაქაცარია ყიდულობს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.
როგორც მედია იტყობინება, კომუნიკაციების კომისიამ „ბილაინის“, იგივე „ვიონი საქართველოს“ გაყიდვის ნებართვა გასცა.
კომპანიის 100%-იან წილს კი ქართველი ბიზნესმენი, ხვიჩა მაქაცარია ყიდულობს.
საქართველოს სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, „ვიონი საქართველოს“ მფლობელი ორი კომპანიაა:
- Watertrail Industries – 71%
- Investico Alliance 29%
აღნიშნულ ორ კომპანიას კი „ვიონ ჯეორჯია ჰოლდინგს B.V“ ფლობს, რომელიც კორპორაცია Veon-ის ნაწილია. Veon-ი პოზიციონირებს, როგორც ნიდერლანდებში დაფუძნებული კორპორაცია.
ამავე დროს, „ვიონი ჯგუფის“ აქციათა 47.9%-ს ფლობს კომპანია LetterOne, რომელიც ეკუთვნის რუს ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანს, რომელიც დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებშია მოყოლილი.
ხვიჩა მაქაცარია გეგმავს, „ვიონი საქართველოს“ მფლობელი ორივე კომპანიის, Watertrail Industries-ისა და Investico Alliance-ის 100-100%-იანი წილები შეისყიდოს.