ოკუპანტებთან ბრძოლისას დაჭრილი უკრაინელი სამხედროების 80%-ზე მეტი სამსახურს უბრუნდება.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.
„გუშინ მოვახერხე პასკების გადაცემა ჩვენი დაჭრილებისთვის და სამედიცინო პერსონალისთვის უკრაინის ერთ-ერთ საავადმყოფოში. უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენი სამხედრო მედიკოსებიც ფრონტზე არიან. ისინი ფაქტობრივად, პასუხისმგებლები არიან ჩვენი დაჭრილი ჯარისკაცების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. უკრაინული სამხედრო მედიცინის უზარმაზარი გამარჯვებაა ის, რომ დაჭრილთა უკიდურესად მაღალი პროცენტი სამსახურს უბრუნდება, საუბარია 80%-ზე მეტ სამხედროზე. ეს აჩვენებს სამხედრო მედიცინის დონეს, მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხარისხს“, - განაცხადა მალიარმა.