აზოვის ბატალიონის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სერგეი კოროტკიხი, მეტსახელად ბოცმანი ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება, რომ პოლკი ქართველ მოხალისე მებრძოლებთან, ბახვა ჩიქობავასა და გიორგი ქუფარაშვილთან ერთად 2014 წელს დააფუძნა.
ბოცმანი ყვება, რომ მარიუპოლს სწორედ გიორგი ქუფარაშვილის მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით და 7 წლის განმავლობაში გაწეული ძალისხმევის შედეგად იცავენ.
„სუმის და ჩერნიგივის თავდაცვის ხერხემალი აზოვია. ასევე, ხარკივსა და დნეპრში 2 ბატალიონი აზოვის ხელმძღვანელობის ქვეშაა. მარიუპოლი ამის ყველაზე ნათელი მაგალითია.
ჩვენ ერთად ვიბრძოდით და აღმოჩნდა, რომ ჩვენს მომზადების და მოტივაციის სისტემას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. 7 წელი გვდევნიდნენ, გვეძახდნენ ნაცისტებს, კერძო ჯარს, არ მოსწონდათ ჩვენი გაუპარსავი წვერი და ა.შ და ა.შ. მაგრამ ის, რასაც ახლა აზოვი მარიუპოლში აჩვენებს - ასეთი შედეგის დადება მსოფლიოში არც ერთ არმიას არ შეუძლია.
როცა საუბრობენ დასავლელ ინსტრუქტორებზე, რომლებიც თითქოს ჩვენ გვამზადებდნენ - ეს სისულელეა.
რეალურად, აზოვი 2014 წელს დავაარსეთ მე და ორმა მოხალისე ქართველმა: ბახვა ჩიქობავამ, რომელიც მარიუპოლის დაცვისას დაიღუპა და გიორგი ქუფარაშვილმა - ის მძიმედ დაშავდა და ვინიციაში მკურნალობს.
ჩვენ სამის ლიკვიდაციისთვის ჯერ კიდევ 2014 წელს მილიონი დოლარი იყო დაწესებული. ახლა მხოლოდ ჩემი ლიკვიდაციისთვის დამატებით 500 ათასი დოლარი დაწესდა.
არავითარი ინსტრუქტორები არ ყოფილან. ჩვენ ხომ სანქცირებულები ვიყავით, ჩვენგან საფრთხობელები შექმნეს, რა NATO? ჩვენ თავად შევქმენით მებრძოლთა და ოფიცრების სკოლები - ეს ყოველივე 90%-ით გიორგის დამსახურებაა. ის 7 წლის განმავლობაში დაკავებული იყო სწავლებით და მარიუპოლის დაცვის გეგმის შედგენით, რომლის მიხედვითაც ახლა ამ ქალაქს ვიცავთ. გიორგის იშვიათად ახსენებენ, ეს უსამართლობაა, რომ ყველგან, სადაც ახლა აზოველები არიან, შედეგები იდება - მარიუპოლში, ხარკივში, სუმიში, ჩერნიგივში, დნეპრში, ოდესაში, მიკოლაევში“, - განაცხადა სერგეი კოროტკიხმა.