„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ორი ადამიანი მოკლეს და 5 დაჭრეს საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, თუმცა ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა.
ხუთივე დაჭრილი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ჩვენი ინფორმაციით, ის პირები, რომლებიც ამ კონფლიქტის სათავეში დგანან, საქართველოში არ იმყოფებიან, საუბარია ორ ე.წ. კანონიერ ქურდზე.
შემთხვევის შედეგად ორი ადამიანია მოკლული, კონსტანტინე ქობულია და ვახტანგ გურგენიძე.
კრიმინალური გარჩევის სათვეში ე.წ. კანონიერი ქურდები ლევან მარღია და ირაკლი ყალიჩავა, იგივე იკა გალსკი ფიგურირებენ. მათი დავალებით შეიკრიბნენ ერთ-ერთ ოფისში ბიზნესმენები და ე.წ. ავტორიტეტული საზოგადოების წარმომადგენლები. ყალიჩავას ინტერესებს იცავდა კრიმინალური წარსულის მქონე პირი, ხვიჩა ცხაკაია. ის ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის გამო, რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ცხაკაია ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს და საპატიმრო 2012 წელს დატოვა. იკა გალსკი კი ტაქსის მძღოლების რეკეტის საქმეში ფიგურირებს. მასთან დაახლოებული პირები თბილისის აეროპორტში ტაქსის მძღოლებს ე.წ. ობშიაკისთვის ფულს სძალავდნენ.
ფიზიკურ დაპირისპირებაში სავარაუდოდ 10-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მომხდართან შესაძლო კავშირში დასახელდა „ტყის ძმების“ ყოფილი მეთაური დავით შენგელია, რომელიც კონკრეტულ დაპირისპირებაში, რაიმე ფორმით თანამონაწილეობას გამორიცხავს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 236-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას, ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.