დასავლეთის სანქციების გამო რუსეთი ცაში დააბრუნებს მოძველებულ, არაეკონომიურ სსრკ-ს დროინდელ სამგზავრო თვითმფრინავს, ილ-86-ს.
ამის შესახებ „ავიანიუსი“ წერს.
როგორც რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა, ვიტალი საველიევმა განაცხადა, სამი ასეთი თვითმფრინავის აწყობა S7 Airlines-თვის მალე დასრულდება.
მისივე გადაწყვეტილებით, ავიაკომპანიისთვის კიდევ ორი სატვირთო თვითმფრინავი ილ-96 აეწყობა.
S7 Airlines-ს ამ განცხადებაზე პირდაპირ კომენტარი არ გაუკეთებია. კომპანიამ საბჭოთა კავშირის ყველა თვითმფრინავზე უარი 2008 წელს თქვა და მთლიანად გადაეწყო დასავლური წარმოების Airbus-ის, Boeing-ის და Embraer-ის გამოყენებაზე.
ილ-86, რომელიც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ავიაკომპანიას შესთავაზა 1997 წლამდე იწარმოებოდა. ამ დროისათვის ამ მოდელის არც ერთი თვითმფრინავი მსოფლიოში გამოყენებაში არ არის. აღნიშნულმა მოდელმა ბოლო ფრენა 2011 წლის იანვარში შეასრულა.