„ელ პაისი“ აშშ-ისა და ნატო-ს მიერ რუსეთისთვის გაგზავნილ კონფიდენციალურ დოკუმენტებს აქვეყნებს

„ელ პაისი“ აშშ-ისა და ნატო-ს მიერ რუსეთისთვის გაგზავნილ კონფიდენციალურ დოკუმენტებს აქვეყნებს

2-02-2022, 14:41 - 2022
695
       

სპანური გამოცემა „ელ პაისი“ აშშ-ისა და ნატო-ს მიერ რუსეთისთვის გაგზავნილ კონფიდენციალურ დოკუმენტებს აქვეყნებს. 

ჩრდილოტლანტიკური ალიანსის პასუხი ოთხ გვერდზე, აშშ-ის პასუხი კი ხუთ გვერდზეა ასახული.

როგორც გამოცემა წერს, ნატო-ს დოკუმენტის 8.3 პუნქტში აღნიშნულია, რომ ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის რუსეთის საჯარისო ნაწილები უნდა გავიდნენ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ტერიტორიიდან, სადაც ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე იმყოფებიან. 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დოკუმენტის მიხედვით, ყველა ქვეყანა პატივს უნდა სცემდეს სახელმწიფოების სუვერენიტეტის, საზღვრების ურღვეობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრონციპებს და თავი უნდა შეიკავოს ძალის გამოყენებისგან და ძალის გამოყენების საფრთხისგან.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ყველა ქვეყანამ პატივის უნდა სცეს სხვა ქვეყნების უფლებას, აირჩიოს ან შეცვალოს უსაფრთხოების ზომები და განსაზღვროს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე.

რაც შეეხება აშშ-ის მიერ გაგზავნილ დოკუმენტს, როგორც ესპანური გამოცემა წერს, ვაშინგტონის პასუხის თანახმად, აშშ მზად არის, იმუშაოს რუსეთთან ურთიერთგაგების მისაღწევად, ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად.

დოკუმენტის მიხედვით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და სჯერა, რომ ამ საკითხის განსახილველად შესაბამისი ფორუმი არის ნატო-რუსეთის საბჭო.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი მზად არის უსაფრთხოების განუყოფლობის შესახებ დისკუსიების გასამართად, მაგრამ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად კვლავ გამოხატავს შეშფოთებას რუსეთის ქმედებებზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას.

აშშ რუსეთს სთავაზობს გამჭვირვალობის მექანიზმზე დისკუსიებს იმაში დასარწმუნებლად, რომ პოლონეთსა და რუმინეთში „ტომაჰავკის“ ტიპის საკრუიზო რაკეტები არ არის განთავსებული, რის სანაცვლოდ რუსეთმა უნდა უზრუნველყოს გამჭვირვალობის ზომები საკუთარ ორ სარაკეტო ბაზაზე.



       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები