სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ოჯახის წევრზე ძებნა გამოაცხადა

სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ოჯახის წევრზე ძებნა გამოაცხადა

24-09-2025, 23:44 - 2025
2 866
       

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ცნობით, სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს BP TRANS-ის დირექტორი ვალერიანე კვარაცხელია, ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ. და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი დააკავეს.


რაც შეეხება შპს BP TRANS-ის ყოფილ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, ამჟამად მიმალვაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს დაუსწრებლად წარედგინება ბრალდება და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა. 

„საქმე ეხება თაღლითობას და თაღლითობაში დახმარებას, კერძოდ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პროცესში ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთის და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიით დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი ქვაყრილის ლოდებით მოწყობის სამუშაოების განხორციელებისას, შპს BP TRANS-ის 100%-იანი წილის მფლობელი ამავე კომპანიის დირექტორის, თანამშრომელის და ხელშეკრულების შესრულების ზედამხედველი პირების დახმარებით მოტყუებით დაეუფლა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4 186 249 ლარს. აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-3 "ბ" ქვეპუნქტით და 25 180-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, 2017-2020 წლებში ვანის საკრებულოს დეპუტატ ბიჭიკო პაიკიძესთან დაკავშირებულმა ორმა კომპანიამ – „ჯორჯიან ენერჯიმ“ და „ბიპი ტრანსმა“ ჯამში 29 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო. ინფორმაციას 2021 წლის მარტში არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებდა.

ორგანიზაციის მიხედვით, ბიჭიკო პაიკიძე „ქართული ოცნების“ ვანის საკრებულოს დეპუტატიც იყო. 

დეპუტატობამდე და შემდეგაც მისი სახელი რამდენიმე კომპანიაში ფიქსირდებოდა, რომლებიც მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებს იგებდნენ.

ბიჭიკო პაიკიძის შვილის ერთი ნათლია სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილია, ხოლო მეორე – სუს-ის უფროსის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები