დეტექტივი: ჯანგველაძის მკვლელობა ოთარ ფარცხალაძეს დაუკვეთეს

დეტექტივი: ჯანგველაძის მკვლელობა ოთარ ფარცხალაძეს დაუკვეთეს

24-09-2025, 23:37 - 2025
1 095
       

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული გელა უძილაურის სასამართლო პროცესზე, დეტექტივმა რობიკო გოგიაშვილმა განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდის, „დედ ჰასანის“ შვილიშვილმა ყოფილ გენპროკურორს ოთარ ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა.


მისივე თქმით, ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. 

„ოპერატიული ინფორმაცია მივიღე, რომლის მიხედვითაც, გიორგი კაჭკაჭიშვილი ძმები მიქაძეების დაჯგუფების წევრი იყო. ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, მის ტელეფონში არის ინფორმაცია სანდრო წივწივაძის იარაღების შესახებ. ის ნერვიულობდა, რომ სამართალდამცავებს შეიძლებოდა მისი ტელეფონი ადვილად გაეხსნათ (რადგან პაროლად მისი დაბადების წელი ეყენა) და იარაღების შესახებ მიეღოთ ინფორმაცია, ამ იარაღებიდან ერთ-ერთით გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძე მოკლა.
ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, რომელიც სიგარეტისა და ალკოჰოლის რუსეთში ექსპორტს შეეხებოდა. ძმები მიქაძეები ვერ ბედავდნენ ფიზიკურ მოქმედებას, რადგან ლევანის ძმა კანონიერი ქურდია. შემდეგ მკვლელობის ინიციატორად დასახელდა ე.წ. კანონიერი ქურდის "დედ ჰასანის" შვილიშვილი.
ოპერატიული ინფორმაციით, "დედ ჰასანის" შვილიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს, ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა. რის შემდეგადაც შეირჩა გელა უძილაური, რომელიც კვალის არევის მიზნით საბერძნეთში გაუშვეს, რომ ვითომ კვალი იქაურ ე.წ. კანონიერ ქურდებზე გასულიყო. შემდეგ, საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ გიორგი ჯოხაძე თბილისი ტაუერთან შეხვდა უძილაურს. ამის შემდეგ, ლევან ჯანგველაძე მოკლა, რის შემდეგაც, უძილაურს ჰპირდებოდნენ, რომ ის ციხეში დიდხანს არ იჯდებოდა“, - თქვა რობიკო გოგიაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები