სუს-ის ცნობით, უკრაინის მოქალაქეს სატვირთო მანქანით საქართველოში 2.4 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი შემოქჰონდა.
უწყების ცნობით, უკრაინის 2 მოქალაქეა დაკავებული.
„მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის 2 მოქალაქე დავაკავეთ. 10 სექტემბერს, უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავმა სატვირთო მანქანამ უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით, თურქეთიდან სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა. მისი შეჩერებისა და გადამოწმების შედეგად, მანქანაში ვიპოვეთ წინასწარ, საგულდაგულოდ შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2.4 კგ-ის ოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი.
ამ ეტაპზე, გამოძიებით დგინდება, რომ უკრაინის ტერიტორიაზე, ხსენებული სატვირთოს მძღოლს დაუდგენელმა პირმა შენიღბულ კასრებში მოთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცა და უთხრა, რომ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, მათთან კავშირზე მყოფი სხვა პირი ამ ნივთიერებას გამოართმევდა. უკვე დაკავებულია ასევე უკრაინის მოქალაქე დ.ჟ. რომელმაც სატვირთოს მძღოლს მიაკითხა და ასაფეთქებელი ნივთიერება გამოართვა“, - თქვა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ.
სუს-ის ცნობით, ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინი, 8 ერთეული მობილური ტელეფონი, სხვადასხვა ქვეყნის მობილური ოპერატორების სიმ ბარათები, კომპიუტერი, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გადაზიდვას გულისხმობს.
ასევე, სუს-ის ცნობით, დაკავებულებს ბრალად 260-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებაც წარედგინებათ, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვას გულისხმობს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების დასადგენად გაგრძელდება.