SWIFT-ის შეწყვეტა ან სექტორული სანქციები | ევროპარლამენტის გადაწყვეტილება

SWIFT-ის შეწყვეტა ან სექტორული სანქციები | ევროპარლამენტის გადაწყვეტილება

დღეს, 17:58 - 2025
109
       

ევროპარლამენტის რეზოლუცია ევროკავშირს მოუწოდებს, განიხილონ შემდგომი შემზღუდავი ზომები, როგორიცაა SWIFT-ის შეწყვეტა ან სექტორული სანქციები, „რომლის მიზანიც „ქართული ოცნების“ რეჟიმის ფინანსური ნაკადებისა და შემოსავლის წყაროების შეწყვეტაა“.


ამასთან, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, „ორმხრივად და კოორდინირებულად დააწესონ პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერების, თანამდებობის პირებისა და რეჟიმის ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ“.

„დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი გმობს სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე კანონმდებლობის მიღებას, რომელიც ხელს უწყობს შემდგომ პოლიტიკურ დევნას, ზღუდავს შეკრების უფლებას და კიდევ უფრო ამცირებს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ოპოზიციის თავისუფლად მოქმედების სივრცეს. მათ შორის რუსული სტილის უცხოელი აგენტების შესახებ კანონს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, გრანტების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონს, ასევე მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ ახალ შემზღუდავ ცვლილებებს; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს საკანონმდებლო ცვლილებები; ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ქცევა, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან მისი სტრატეგიული დაახლოება და ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი ინსტრუმენტების დაჩქარებული გამოყენება, ასახავს თავად რუსეთში განვითარებულ მოვლენებს.

შეშფოთებას გამოთქვამს არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმების ბოლო ტალღის და გარკვეული სახელმწიფო ინსტიტუტების, მაგალითად, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ წაყენებული მოთხოვნის გამო სამი სამუშაო დღის ვადაში მიაწოდონ ბოლო წელიწადნახევრის დეტალური ფინანსური, სამართლებრივი და ოპერატიული ინფორმაცია. ხაზს უსვამს, რომ ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და, შესაბამისად, სამიზნე ორგანიზაციების მუშაობის პარალიზებისა და მათი საქმიანობის შეჩერების საფრთხეს ჰქმნის“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები