სამთავრობო პროპაგანდისტული მედია „იმედი“ ავრცელებს წერილს, რომელიც მათივე მტკიცებით, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა.
სამთავრობო პროპაგანდის მიერ გავრცელებულ წერილში წერია, რომ რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, რადგან მას „კორუფციას და ბარიგების მფარველობას“ აბრალდებდნენ.
წერილში რიჟვაძე ოჯახის დაცვას სთხოვს ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს. გარდა ამისა, ახსენებს ალექსი ახვლედიანსაც და წერს, რომ ის არაფერ შუაშია, მისი იარაღი კი ჩუმად აიღო.
„ალეკო არაფერ შუაშია, ჩუმად ავიღე. ეს კაცი ძმობის მაგალითია. მიზეზი ერთია, მაბრალებენ იმას (კორუფციას და ბარიგების მფარველობას ) რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდით მეც და მამაჩემიც. დავიღალე - დიდი გამარჯვებაც ვნახე და წარუმატებლობაც. პატიებას ვთხოვ ოჯახს, პატრიარქს. მამა შენ ნომერი პირველი კაცი იქნები ჩემთვის ღირსებაში.
დათა კაცური კაცი გაიზარდე, მიხედე ელის. დედა მიყვარხარ. მაპატიეთ ძმებო, ვერ გიტოვებთ მილიონებს, მაგრამ მიყვარხართ. ბატონ ბიძინას და პრემიერის იმედი მაქვს, რომ დაიცავთ ჩემს ოჯახს.
ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, ოჯახის წევრები - ყველა ჩემი დავალებით და მითითებით მოქმედებდა. ყველა უდანაშაულოა. ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს. გთხოვთ არ გამკვეთოთ და არც არავინ დაადანაშაულოთ. ჩემი დაწერილია. ღმერთი ფარავდეს ჩემს საყვარელ აჭარას და საქართველოს“, - წერია სამთავრობო პროპაგანდის მიერ გავცელებულ წერილში.
წერილის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია „პრაიმ ტაიმმა“ გაავრცელა. მათი მტკიცებით, წერილი რიჟვაძის ჯიბეში ექიმმა იპოვა. წერილის შინაარსი მოგვიანებით „იმედმა“ გაავრცელა.