„შევშფოთდით, როცა გავიგეთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დაესწრო თბილისში, ირანის საელჩოში სოლიდარობის ღონისძიებას“, - ასე ეხმაურება ისრაელის საელჩო მაკა ბოჭორიშვილის მოადგილის, ალექსანდრე ღვთისიაშვილის ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე დასწრებას.
ბოჭორიშვილის მოადგილემ ირანს სოლიდარობა გამოუცხადა და მიუსამძიმრა.
„იმ დროს, როცა დასავლეთი გმობს ირანის თავდასხმებს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე და მხარს უჭერს მისი ბირთვული და გენოციდური ამბიციების შეჩერების მცდელობებს, ღრმად იმედგამაცრუებელია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის ხილვა. ეს მორალურად არასწორია“, - წერია განცხადებაში, რომელსაც ისრაელის საელჩო „ფორმულას“ უგზავნის.