„დავალება მოგცეს? შენ „ხულიგანი“ ხარ?“, - ასე მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთ წევრს, ალუდა ღუდუშაურს.
კომისიის სხდომაზე გახარია ე.წ. ჩორჩანას საკითხზე დისტანციურად პასუხობს კომისიის წევრთა შეკითხვებს და განმარტავს, თუ როდის და რატომ ჩაიდგა სოფელ ჩორჩანაში საგუშაგო. გახარიასა და ღუდუშაურს შორის შეკამათება სწორედ ამ განმარტებებს მოჰყვა. თუმცა მანამდე გახარიას კომიიის თავმდჯომარემ, თეა წულუკიანმა მოუწოდა, რომ ნუ „ყვირის, და ტერმინებს ნუ აურევს ერთმანეთში“. თავის მხრივ, გახარიამ უპასუხა, რომ ხმამაღლა არ ილაპარაკებს და ეცდება, რომ ემოციები გვერდზე გადოს.
„რთულია, მაგრამ გადავდებ ემოციებს „თქვენი ხათრით“. საქართველოს მოქალაქეებს ვეუბნები ამას - ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ ოკუპანტების პროკურატურამ აღძრა საქმე ზუსტად ისეთი, რომელსაც თქვენ, ახლა, იძიებთ. თქვენ ახლა, რასაც აკეთებთ აქ, ფაქტობრივად, ჩვენებებს აძლევთ და ამყარებთ ოკუპანტების ინტერესს, რაიმე სახის თეორიული კი არა, პრაქტიკული ინტერესი გაუჩნდეთ“, - უთხრა გახარიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს.
გახარიას ამ მოსაზრებას გამოეხმაურა კომისიის ერთ-ერთი წევრი ალუდა ღუდუშაური და მოსაზრების გამოთქმა მოისურვა, რაზეც გახარიამ ასე მიმართა: - „რიგში დადექით, რა“.
გახარიას ამ პასუხს ღუდუშაურმა ასე უპასუხა:
„რიგში დადექი კი არა, გააკონტროლე თავი. ძალიან ბედნიერი ჩანხარ, შორს რომ ხარ გიორგი. ასეთი „გულადი“ თუ იყავი, რატომ არ მოხვედი და არ ივაჟკაცე აქ“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.
გახარამ ღუდუშაურს ჰკითხა - „დავალება მოგცეს, ასეთი? თან, შენ ხულიგანი ხარ?“, -აღნიშნა გახარიამ.
ღუდუშაურმა ყოფილ პრემიერს მოუწოდა, რომ სიტყვები გაეკონტროლებინა.
„ხულიგანი კი არა, სიტყვები გააკონტროლე. გიორგი, ვინმეში არ აგერიო. მომისმინე ახლა კარგად. ხომ იცი, ეს სიმწრის სიცილია. შენ ხომ იცი, იმ მულტფილმისა არ იყოს, სულ რომ ძალით ლომი გინდოდეს, ვეფხვი გინდოდეს, მაინც იგივე ხარ. ბიჭო არ ვარ! საზოგადოება იმასაც დაინახავს, რომ ორჯერ შეგნებულად ითავხედე და მოგვაყენე შეურაცხყოფა. კეთილი ინებე და მოისმინე - როდესაც შენ საუბრობ რომ აქ, ვიღაც ოკუპანტის საქმეს აკეთებს, იქ, სადაც მე ვზივარ ამას ვერ იტყვი, გამიგე?! შევთანხმდეთ, აქ იმისთვის არ ვართ მოსულები, რომ შენს რაღაც კომიკურ სიტუაციაში ყოფნას ვუყუროთ, აქ ვართ შემდეგი რამისთვის - კონკრეტულ სიტუაციაში კონკრეტული პასუხით და საქმიანად ვილაპარაკოთ. მესმის, რომ რთულია, შეგეშინდა, გაიქეცი, მოიტყუე, ამით ახლა შენგან ახალს ვერაფერს გაიგებს საზოგადოება, მაგრამ მივეჩვიოთ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეა საუბარი. ამიტომ ძალიან გთხოვთ, კეთილი ინებეთ და დასერიოზულდით“, - განაცხადა ღუდუშაურმა.